ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ორი სამგზავრო მატარებლის შეჯახების შედეგად 46 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა დილით, ადგილობრივი დროით დაახლოებით 07:00 საათზე, პრაღის მთავარი რკინიგზის სადგურის მახლობლად მდებარე ხიდზე მოხდა.

ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გავრცელებული ცნობებით, მატარებლები ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისას, პირისპირ შეეჯახნენ. დაშავებულთა შორის ორივე მატარებლის მემანქანეა, რომელთა მდგომარეობაც მძიმედ ფასდება.

ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია, რასაც, არსებული ინფორმაციით, ხელი შეუწყო იმ გარემოებამ, რომ შეჯახების მომენტში მატარებლები დაბალი სიჩქარით მოძრაობდნენ.

ჩეხეთის ტრანსპორტის მინისტრმა ივან ბედნარიკმა ადგილობრივ მედიასთან განაცხადა, რომ მომხდარის მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, შესაძლოა ერთ-ერთმა მატარებელმა ამკრძალავი სიგნალის მიუხედავად გააგრძელა მოძრაობა.

„არ მსურს ვივარაუდო, ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია შემთხვევა თუ ადამიანურმა ფაქტორმა, თუმცა ამ ეტაპზე, როგორც ჩანს, ერთ-ერთმა მატარებელმა წითელ სიგნალზე გაიარა“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, ხელისუფლების მიზანია მომხდარის გარემოებების სრულყოფილად შესწავლა და იმ ზომების მიღება, რომლებიც სარკინიგზო ტრანსპორტის უსაფრთხოების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო სამსახურების წარმომადგენლები. მატარებლებიდან ყველა მგზავრის გამოყვანას დაახლოებით ორი საათი დასჭირდა.

შემთხვევის ადგილიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ გადაჰყავთ მაშველებს დაშავებულები საკაცეებით და როგორ მუშაობენ სასწრაფო დახმარების ჯგუფები რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ჩეხეთის ეროვნული საინფორმაციო სააგენტო ČTK-ის ცნობით, საავადმყოფოში გადაყვანილ პირებს შორის 16 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

პოლიციის ინფორმაციით, სამაშველო ოპერაცია დასრულებულია და მომხდარის გარემოებების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

ავარიის შედეგად შეფერხდა პრაღის მთავარი სარკინიგზო სადგურიდან მატარებლების მოძრაობა. მგზავრებს ალტერნატიული მარშრუტებით სარგებლობისკენ მოუწოდეს.