„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი გიგა ლემონჯავა საქართველოს პროკურატურის მიერ 17 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ პარტია „დროას“ ოფისიდან 2024 წლის დეკემბერში ამოღებული ბენზინი გახმოვანების აპარატურის გენერატორებისთვის იყო განკუთვნილი.
ამის შესახებ ლემონჯავამ კოალიციის მიერ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი განცხადებით, პროკურატურა აღნიშნული ნივთების შესახებ ინფორმაციას „კოალიცია ცვლილებისთვის“ წინააღმდეგ მტკიცებულებების შესაქმნელად იყენებს.
„ასევე ამ ამოღებულ ბენზინთან დაკავშირებით მინდა გავაკეთო საზოგადოებისთვის განმარტება, სხვა ბევრ ნივთთან ერთად “დროას” ოფისიდან გახმოვანების საშუალებები ამოიღეს, დინამიკები, გენერატორები და საწვავი, რომელიც ამ გენერატორებისთვის იყო საჭირო. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩხრეკა-ამოღების ოქმში დაფიქსირებულია და ეს ბენზინი, რომელზეც ახლა პროკურატურა საუბრობს და ცდილობს, რომ ჩვენ წინააღმდეგ ყალბი მტკიცებულება შექმნას, სინამდვილეში ხმის აპარატურისთვისაა, რომელსაც სჭირდება გენერატორი, რომელსაც სჭირდება ბენზინი“, – განაცხადა ლემონჯავამ.
მისი შეფასებით, პროკურატურის განცხადება უკავშირდება საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს, რომლის ფარგლებშიც ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის საკითხი განიხილება.
ლემონჯავამ განაცხადა, რომ სასამართლოში შეკითხვებისა და განმარტებების ეტაპის შემდეგ, მისი შეფასებით, კოალიციის წინააღმდეგ დამატებითი არგუმენტების წარმოდგენა ვერ მოხერხდა, რის გამოც სახელმწიფო უწყებებმა ახალი მტკიცებულებების შექმნა გადაწყვიტეს.
„მაშინ როდესაც „ქართულ ოცნებას” სასამართლოში წარსადგენად ყალბი მტკიცებულება დასჭირდა, პროკურატურა ადგა და საღამოს თერთმეტის ნახევარზე ამ ტიპის ყალბი მტკიცებულების შექმნით დაკავდა“, — განაცხადა მან.
ლემონჯავამ პროკურატურის განცხადება ასევე დაუკავშირა რუსეთის შესაბამისი უწყებების მიერ პარტია „დროას“ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას. მისი შეფასებით, ამ გადაწყვეტილებების დროში დამთხვევა საყურადღებოა.
ბრიფინგის დასასრულს ლემონჯავამ მოქალაქეებს 28 ნოემბერს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაგეგმილ საპროტესტო შეკრებაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
ცნობისთვის, გიგა ლემონჯავამ მანამდე საკონსტიტუციო სასამართლოში გამოსვლისას განაცხადა, რომ 2024 წლის 4 დეკემბერს პარტია „დროას“ ოფისის ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა სხვადასხვა ნივთი, მათ შორის პლედები, პარალონები, პუფები, ფიზიოლოგიური ხსნარი, რესპირატორები, აირწინაღები, გამათბობლები, ტექნიკა და ფოტოსურათები ამოიღეს.
მისი მტკიცებით, არც „დროას“ და არც სხვა პარტიების ოფისებიდან „მოლოტოვის კოქტეილები“ არ ამოუღიათ.
აღნიშნულ განცხადებას 17 ნოემბერს საქართველოს პროკურატურა გამოეხმაურა.
„2024 წლის 4 დეკემბერს ჩატარებული, „გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ ოფისის ჩხრეკის შედეგად, ამოღებული იყო „მოლოტოვის კოქტეილის” დამზადებისთვის საჭირო ბენზინით სავსე ბიდონები და სხვა ატრიბუტიკა“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
შესაბამისად, მხარეები ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთების დანიშნულებასა და მათ შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით განსხვავებულ განმარტებებს აკეთებენ. ლემონჯავას ბრალდება მტკიცებულებების გაყალბების შესახებ ამ ეტაპზე დამოუკიდებლად დადასტურებული არ არის.