საქართველოში 2026 წლის პირველი იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით უკანონო ტყითსარგებლობის 1 266 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 154 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. შესაბამისი მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით უფლებამოსილ უწყებებში გადაიგზავნა.
დეპარტამენტის მონაცემებით, 880 შემთხვევა ხე-ტყის უკანონო მოპოვებასა და ტრანსპორტირებას უკავშირდება, ხოლო 386 ფაქტი – სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევასა და არალეგალურ საქმიანობას.
ამასთან, 2026 წლის პირველი ათი თვის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 56 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო დაილუქა.
ყველაზე მეტი სამართალდარღვევა აჭარაში გამოვლინდა
რეგიონული განაწილების მიხედვით, უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი, 303 ფაქტი აჭარაში დაფიქსირდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლენილია 225 სამართალდარღვევა, კახეთში – 203, იმერეთში – 177, ხოლო სამცხე-ჯავახეთში – 101.
დანარჩენ რეგიონებში გამოვლენილი დარღვევები შემდეგნაირად ნაწილდება:
- გურია – 66 ფაქტი;
- ქვემო ქართლი – 60 ფაქტი;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 51 ფაქტი;
- მცხეთა-მთიანეთი – 38 ფაქტი;
- შიდა ქართლი – 35 ფაქტი.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში 7 სამართალდარღვევა გამოვლინდა თბილისში.
დედაქალაქში გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა სამი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. ასევე დაფიქსირდა სახერხი საამქროების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის სამი და ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ერთი შემთხვევა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, ბუნებრივი რესურსების დაცვა და უკანონო ტყითსარგებლობის პრევენცია უწყების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
დეპარტამენტის ინფორმაციით, მისი ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან რეჟიმში პატრულირებენ. ამასთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 153 – მიღებულ თითოეულ შეტყობინებაზე შესაბამისი რეაგირება ხორციელდება.