ჟურნალისტმა ვახო სანაიამ 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის შემდეგ დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა.

მცხეთა-მთიანეთის დროებითი მოთავსების იზოლატორთან ჟურნალისტს ოჯახის წევრები და კოლეგები დახვდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სამი პოსტის გამო პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფას ედავებოდა. აღნიშნულ საქმეზე მას სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა 30 დღის ვადით შეუფარდა.

აღსანიშნავია, რომ ვახო სანაიას ადმინისტრაციული პატიმრობა მანამდეც ჰქონდა შეფარდებული.

ჟურნალისტი 22 ივლისს, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. იმ შემთხვევაში სამართალდარღვევის საქმის საფუძველი სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და პარლამენტის წევრის, ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ გამოქვეყნებული პოსტი გახდა.

საქმის განხილვის შედეგად თბილისის საქალაქო სასამართლომ სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნულ საქმეზე სასამართლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ მიმართა, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებთან დაკავშირებით სამართლებრივ რეაგირებას ახორციელებდა.