ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა საერთაშორისო ვაჭრობაში პროტექციონიზმის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობაზე ისაუბრა, ხოლო რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები გააკრიტიკა. განცხადებები ლიდერებმა 18 ნოემბერს, ჩინეთის ქალაქ შენჟენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (APEC) სამიტზე გააკეთეს.

ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების გამოსვლები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ჩინეთში ჩასვლას დაემთხვა. 19 ნოემბერს შენჟენში დაგეგმილია სამი ქვეყნის ლიდერების სამმხრივი შეხვედრა, რომლის დღის წესრიგშიც შესაძლოა უკრაინაში რუსეთის ომი, აშშ-ის სამხედრო მოქმედებები ირანში, საერთაშორისო ვაჭრობა, ხელოვნური ინტელექტი და ბირთვული შეიარაღების საკითხები შევიდეს.

სი ძინპინი თავისუფალი ვაჭრობის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

APEC-ის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ჩინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობა მრავალმხრივ სავაჭრო სისტემასა და თავისუფალი ვაჭრობის პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს.

„ჩვენ მტკიცედ უნდა დავიცვათ წესებზე დაფუძნებული მრავალმხრივი სავაჭრო სისტემა, რომლის ცენტრშიც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია დგას, მხარი დავუჭიროთ თავისუფალ და ღია ვაჭრობასა და ინვესტიციებს, შევინარჩუნოთ გლობალური სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობა და შეუფერხებელი ფუნქციონირება“, – განაცხადა სი ძინპინმა.

მისი თქმით, ჩინეთი გააგრძელებს ინვესტიციებს სამრეწველო სექტორსა და ახალი ტექნოლოგიების განვითარებაში, რაც, მისი შეფასებით, სხვა ქვეყნების ეკონომიკურ შესაძლებლობებსაც გაზრდის.

ჩინეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ პეკინი ტარიფების შემცირებასა და საკუთარი ბაზრის შემდგომ გახსნას გეგმავს და პროტექციონიზმსა და ცალმხრივ ეკონომიკურ ზომებს დაუპირისპირდება.

სი ძინპინის განცხადებები აშშ-ის მიერ ჩინეთისთვის მოწინავე ხელოვნური ინტელექტის ჩიპებზე წვდომის დამატებითი შეზღუდვების დაწესების შემდეგ გაკეთდა.

ვაშინგტონის ახალი რეგულაციები ამერიკული ნახევარგამტარული ტექნოლოგიების გამოყენებაზე კონტროლის გამკაცრებას ითვალისწინებს, მათ შორის მესამე ქვეყნებში განთავსებული მონაცემთა ცენტრების მეშვეობით.

პეკინმა აღნიშნული გადაწყვეტილება გააკრიტიკა და საპასუხო ზომების მიღების შესაძლებლობაზე მიუთითა.

დასავლეთის კრიტიკა ჩინეთის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ

Reuters-ის ცნობით, ჩინეთის პრეზიდენტის განცხადებები იმ ფონზე გაკეთდა, როდესაც დასავლელი სავაჭრო პარტნიორები პეკინის ეკონომიკურ პოლიტიკას აკრიტიკებენ.

აშშ-ისა და ევროკავშირის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ჩინეთის სამრეწველო სექტორის სახელმწიფო მხარდაჭერა, რომელიც ექსპორტზე ორიენტირებულ წარმოებას უწყობს ხელს, საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენციის პირობებს ცვლის.

ჩინეთის წლიური სავაჭრო პროფიციტი ერთ ტრილიონ აშშ დოლარს აღემატება.

დასავლელი პარტნიორების შეფასებით, ჩინეთის დომინანტური პოზიცია გარკვეულ საწარმოო და მიწოდების ჯაჭვებში პეკინს დამატებით გეოპოლიტიკურ ბერკეტებს აძლევს და სხვა ქვეყნების სამრეწველო სექტორებსა და დასაქმებას რისკებს უქმნის.

თავის მხრივ, ჩინეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მოდელი მის საჭიროებებს შეესაბამება.

საკონსულტაციო კომპანია The Asia Group-ის წარმომადგენლის, ჯორჯ ჩენის შეფასებით, სი ძინპინის გზავნილები განსაკუთრებით აქტუალური შეიძლება აღმოჩნდეს გლობალური სამხრეთის ქვეყნებისთვის, სადაც ჩინეთი ცდილობს საკუთარი ტექნოლოგიური და ეკონომიკური პოლიტიკა აშშ-ის მიდგომების ალტერნატივად წარმოაჩინოს.

პუტინი: სანქციებმა რუსეთის ეკონომიკის შეჩერება ვერ შეძლო

APEC-ის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დასავლეთის სახელმწიფოები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეკონომიკური სანქციები საერთაშორისო კონკურენტების განვითარების შესაჩერებლად საკმარისი არ არის.

პუტინმა დასავლეთის წამყვან სახელმწიფოებს „ყოფილი ჰეგემონები“ უწოდა და ევროპის ეკონომიკური მდგომარეობა უარყოფითად შეაფასა.

მისი მტკიცებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწესებულმა სანქციებმა მოსალოდნელი შედეგი ვერ გამოიღო და რუსეთის ეკონომიკა უფრო მდგრადი გახადა.

„გამოცდილებამ აჩვენა, რომ ეკონომიკური დომინირებისა და ფაქტობრივი იძულების ტრადიციულმა ინსტრუმენტებმა დიდწილად ამოწურა საკუთარი შესაძლებლობები და მნიშვნელოვნად დაკარგა შემაკავებელი ძალა“, – განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, სანქციებს, ტარიფებსა და საექსპორტო შეზღუდვებს გარკვეული შემაკავებელი ეფექტი კვლავ შეიძლება ჰქონდეს, თუმცა ისინი ვერ უზრუნველყოფს კონკურენტი ეკონომიკების განვითარების შეჩერებას.

ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების ორმხრივი შეხვედრა

სამიტის ფარგლებში სი ძინპინმა და ვლადიმირ პუტინმა ორმხრივი შეხვედრაც გამართეს.

ლიდერებმა დადებითად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა და საერთაშორისო ასპარეზზე ურთიერთობების შემდგომი განვითარების მზადყოფნა გამოთქვეს.

მათ ასევე ისაუბრეს მრავალპოლარული საერთაშორისო წესრიგის მხარდაჭერასა და ამ მიმართულებით დამატებითი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე.

პუტინის განცხადებით, მსოფლიოში არსებული დაძაბულობისა და სახელმწიფოებს შორის უთანხმოებების მიუხედავად, პრობლემების მოგვარება მოლაპარაკებების გზით შესაძლებელია.

„მოველი, რომ რუსეთის, ჩინეთისა და შეერთებული შტატების ლიდერების მოახლოებულ სამმხრივ შეხვედრას მნიშვნელოვანი დადებითი შედეგების მოტანა შეუძლია“,-— განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ტრამპის, სი ძინპინისა და პუტინის შეხვედრა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთში ფილიპინებიდან ჩავიდა, სადაც მან რეგიონულ პარტნიორებთან მოლაპარაკებები გამართა.

მანილაში ვიზიტისას ტრამპმა ფილიპინებთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ფილიპინებსა და ჩინეთს შორის არსებული ტერიტორიული დავების ფონზე.

19 ნოემბერს დაგეგმილ სამმხრივ შეხვედრას განსაკუთრებული საერთაშორისო ყურადღება ექცევა.

Reuters-ის ინფორმაციით, შეხვედრამ გარკვეულ პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებში 1945 წლის იალტის კონფერენციასთან შედარებებიც გამოიწვია, როდესაც აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საბჭოთა კავშირის ლიდერები მეორე მსოფლიო ომის შემდგომი საერთაშორისო წესრიგის საკითხებს განიხილავდნენ.

ამგვარმა პარალელებმა ზოგიერთი ევროპული და აზიური ქვეყნის წარმომადგენლებში შეშფოთება გამოიწვია, რადგან არსებობს ვარაუდი, რომ მსხვილი სახელმწიფოების შეთანხმებებმა შესაძლოა შედარებით მცირე ქვეყნების ინტერესებზე გავლენა მოახდინოს.

კრემლმა იალტის კონფერენციასთან შედარებები უარყო და მათ პოლიტოლოგიური სპეკულაციები უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ შეხვედრას საერთაშორისო ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანი შედეგები შეიძლება ჰქონდეს.

ჩინეთის ხელისუფლებამ კი განაცხადა, რომ სამმხრივი მოლაპარაკებები მსოფლიო მშვიდობის ხელშეწყობას ემსახურება.

სამი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის დღის წესრიგში, სავარაუდოდ, საერთაშორისო უსაფრთხოების, უკრაინის ომის, ირანის, სავაჭრო ურთიერთობებისა და ტექნოლოგიური კონკურენციის საკითხები იქნება.

წყარო: Reuters