საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში დუალური სწავლებისა და მიკროკვალიფიკაციის დანერგვა იგეგმება. შესაბამის ცვლილებებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც საქართველოს მთავრობამ პარლამენტს განსახილველად წარუდგინა.
კანონპროექტის მიხედვით, დუალური სწავლების განხორციელება ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში იქნება შესაძლებელი.
რას გულისხმობს დუალური სწავლება?
დუალური სწავლება უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ფორმაა, რომელიც აკადემიურ განათლებას რეალურ სამუშაო გარემოში ორგანიზებულ სწავლებასთან აერთიანებს.
ამ მოდელის მიხედვით, სტუდენტი სასწავლო პროცესის ნაწილს უნივერსიტეტში გაივლის, ხოლო ნაწილს — შესაბამის სამუშაო გარემოში, სადაც თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა ექნება.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განმარტებით, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრაქტიკული სწავლების კომპონენტები ამჟამადაც არსებობს. ისინი შეიძლება განხორციელდეს რეალურ სამუშაო გარემოში და შესაბამისი სტუდენტური დატვირთვა აკადემიური კრედიტებით შეფასდეს.
თუმცა მოქმედი კანონმდებლობა დუალურ სწავლებას უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების დამოუკიდებელ ფორმად არ განსაზღვრავს. ასევე არ არის დადგენილი პრაქტიკული სწავლების ის მინიმალური მოცულობა, რომლის არსებობის შემთხვევაშიც სამუშაო გარემოში სწავლება პროგრამის არსებით ნაწილად ჩაითვლება.
სამინისტროს შეფასებით, ახალი მოდელი ხელს შეუწყობს თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების სისტემურ ინტეგრაციას, სტუდენტების პროფესიული კომპეტენციების განვითარებასა და კურსდამთავრებულთა შრომის ბაზრისთვის მომზადებას.
უნივერსიტეტებისა და დამსაქმებლების თანამშრომლობა
კანონპროექტის ერთ-ერთი მიზანი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და დამსაქმებლებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაა.
სამინისტროს განმარტებით, დუალური სწავლება უნივერსიტეტებს შესაძლებლობას მისცემს, საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისას უკეთ გაითვალისწინონ კონკრეტულ სფეროებში არსებული პრაქტიკული საჭიროებები.
ამასთან, პარტნიორი ორგანიზაციები უშუალოდ ჩაერთვებიან სტუდენტების პროფესიული კომპეტენციების განვითარებაში.
„დუალური სწავლების განვითარება ხელს უწყობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და დამსაქმებლებს შორის გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას. ასეთი თანამშრომლობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შესაძლებლობას აძლევს, პროგრამის შემუშავებისა და განვითარებისას უკეთ გაითვალისწინოს შესაბამის სფეროში არსებული პრაქტიკული საჭიროებები, ხოლო პარტნიორ ორგანიზაციას – მონაწილეობა მიიღოს მომავალი კადრების პროფესიული კომპეტენციების განვითარებაში. სტუდენტისთვის დუალური სწავლება ქმნის შესაძლებლობას, სწავლის პროცესშივე შეიძინოს პროგრამასთან უშუალოდ დაკავშირებული სამუშაო გამოცდილება და უკეთ მოემზადოს პროფესიული საქმიანობისთვის“, – აცხადებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
რა არის მიკროკვალიფიკაცია და რა შეიცვლება მისი დანერგვით?
კანონპროექტის მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში მიკროკვალიფიკაციის დანერგვაა.
მიკროკვალიფიკაცია გულისხმობს მცირე მოცულობის, კონკრეტული ცოდნისა და უნარების განვითარებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო პროგრამებს, რომელთა დასრულების შემდეგ შესაძლებელი იქნება სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატის მიღება.
წარდგენილი ცვლილებებით განისაზღვრება მიკროკვალიფიკაციის პროგრამების სამართლებრივი საფუძვლები, მათ შორის:
- პროგრამის განმახორციელებელი სუბიექტები;
- პროგრამის დონე და მოცულობა;
- პროგრამაზე დაშვების წინაპირობები;
- პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების პირობები;
- მიკროკვალიფიკაციის მინიჭებისა და სერტიფიკატის გაცემის წესი;
- მიღებული კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა;
- დაგროვებული კრედიტების ფორმალურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაში შესაძლო აღიარება.
აღნიშნული ცვლილებები შექმნის სამართლებრივ შესაძლებლობას, რომ მიკროკვალიფიკაციის ფარგლებში მიღებული ცოდნა და დაგროვებული კრედიტები, შესაბამისი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ფორმალური უმაღლესი განათლების პროგრამაშიც იქნეს აღიარებული.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეფასებით, მიკროკვალიფიკაციის დანერგვა ხელს შეუწყობს მოკლევადიანი, კონკრეტულ სწავლის შედეგებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას და მათ ფარგლებში სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატების გაცემას.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა.