თუ დღეს სახლიდან გასვლისას ქოლგა დაგჭირდებათ, ალბათ არც დაფიქრდებით, რომ ოდესღაც ამ ნივთის ქონა წვიმასთან საერთოდ არ იყოს დაკავშირებული. 

უფრო მეტიც- ქოლგა ერთ დროს ძალაუფლებისა და მაღალი სტატუსის სიმბოლო იყო. 

მისი უძველესი ფორმები რამდენიმე ათასი წლის წინ გაჩნდა. ქოლგას ძირითადად მზისგან დასაცავად იყენებდნენ და ის განსაკუთრებით მმართველებსა და მაღალი წოდების ადამიანებთან იყო დაკავშირებული. ძველ ასურეთში ქოლგის ფლობის უფლება მხოლოდ მეფეს ჰქონდა. ისტორიულ გამოსახულებებზე კი ხშირად ვხედავთ მსახურებს, რომლებსაც მმართველებისთვის თავზე გაშლილი ქოლგა უჭირავთ.

ქოლგა ძალაუფლების ერთგვარ სიმბოლოდ იქცა აზიის სხვადასხვა ქვეყანაში. მისი მნიშვნელობა იმდენად დიდი იყო, რომ ზოგიერთ სამეფოში მმართველის სტატუსს ქოლგების რაოდენობითა და იარუსებითაც განსაზღვრავდნენ. ბირმის მეფეს, მაგალითად, „ოცდაოთხი ქოლგის მბრძანებელს“ უწოდებდნენ. სიამის, დღევანდელი ტაილანდის, მეფეების ქოლგები კი შვიდ ან ცხრა იარუსს მოიცავდა.

ქოლგას რელიგიური მნიშვნელობაც ჰქონდა. ძველ ეგვიპტეში, ინდოეთსა და ჩინეთში მას ცასთან და ღვთაებრივ დაცვასთან აკავშირებდნენ. მოგვიანებით ქოლგა ბუდისტურ და ინდუისტურ ტრადიციებშიც დამკვიდრდა.

დროთა განმავლობაში ქოლგა აზიიდან საბერძნეთსა და რომში გავრცელდა, შემდეგ კი ევროპაშიც გამოჩნდა. თუმცა მისი მთავარი დანიშნულება კვლავ მზისგან დაცვა იყო. წვიმისგან თავის დასაცავად ქოლგის გამოყენება მოგვიანებით, დაახლოებით XVIII საუკუნიდან, გავრცელდა.

ინგლისში ქოლგის დამკვიდრებას ხშირად ჯონას ჰანუეის სახელს უკავშირებენ. XVIII საუკუნეში მან ლონდონის ქუჩებში ქოლგით სიარული დაიწყო მაშინ, როდესაც მამაკაცების მიერ მისი გამოყენება ჯერ კიდევ უჩვეულოდ ითვლებოდა. ჰანუეის ქოლგით გამოჩენას ზოგიერთი მეეტლე დასცინოდა და ამბობენ, რომ ისინი განზრახაც კი აშხეფებდნენ წუმპის წყალს. მიუხედავად ამისა, მან ქოლგის ტარება არ შეწყვიტა და წლების განმავლობაში ის მისი განუყოფელი ნივთი იყო.

ქოლგები იმ პერიოდში დღევანდელზე გაცილებით მძიმე და მოუხერხებელი გახლდათ. მათი კონსტრუქციის გაუმჯობესებამ კი საბოლოოდ თანამედროვე მოდელამდე მიგვიყვანა. XIX საუკუნეში გაჩნდა მსუბუქი და გამძლე ლითონის კარკასი, მოგვიანებით კი წყალგაუმტარი ქსოვილები და დასაკეცი მექანიზმები.

ასე იქცა ნივთი, რომელიც ოდესღაც მხოლოდ მმართველებთან და მაღალი საზოგადოების წარმომადგენლებთან ასოცირდებოდა, ყველასთვის ხელმისაწვდომ ყოველდღიურ ნივთად.

დღეს ქოლგის არჩევისას შეიძლება ფერზე, ზომასა და დიზაინზე ვფიქრობდეთ, მაგრამ მისი ისტორია გვახსენებს, რომ ყველაზე ჩვეულებრივ ნივთებსაც კი შეიძლება საკმაოდ უჩვეულო წარსული ჰქონდეთ.