რა პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს მინსკში გამართულ ქართულ-რუსულ შეხვედრას და როგორ შეიძლება აისახოს ორმხრივი დიალოგი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე? ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა “რადიო მაესტროსთან” ინტერვიუში აფასებს შეხვედრის ფორმატს, საუბრობს პარტნიორების მონაწილეობის მნიშვნელობაზე, ტერიტორიული მთლიანობის საკითხსა და საზოგადოების ინფორმირების აუცილებლობაზე.
– რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მინსკის შეხვედრა “განახლებული პირდაპირი რუსულ-ქართული დიალოგის” ფარგლებში გამართულ შეხვედრად მოიხსენია. როგორ აფასებთ ამ ფორმულირებას – ცდილობს თუ არა მოსკოვი შეხვედრისთვის უფრო ფართო პოლიტიკური მნიშვნელობის მინიჭებას?
– ჩემი შეფასებით, მოსკოვისთვის მნიშვნელოვანია, ეს შეხვედრა წარმოაჩინოს უშუალოდ საქართველოს სახელმწიფოსთან ურთიერთობად და არა ჟენევისა თუ პრაღის ფორმატების გაგრძელებად.
რუსული მხარის განცხადებაში ყურადღება გამახვილებული იყო საქართველოს წარმომადგენლის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის სტატუსზე. ვფიქრობ, ამით ცდილობდნენ ხაზი გაესვათ, რომ საუბარია სახელმწიფოთაშორის ურთიერთობაზე.
ამ პროცესს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად განვიხილავ. ჩემი აზრით, რუსეთი სწორედ ამის მიღწევას ცდილობს და საქართველოს ხელისუფლებაზე სხვადასხვა მიმართულებით ახდენს ზეწოლას.
საყურადღებოა შეხვედრის ადგილიც. მინსკი ფორმალურად რუსეთის ტერიტორია არ არის, თუმცა პოლიტიკური თვალსაზრისით მიმაჩნია, რომ მოსკოვმა შეხვედრა მისთვის ხელსაყრელ გარემოში გადაიტანა. შედეგად, ქართული მხარე რუსეთის პირისპირ პარტნიორების მონაწილეობის გარეშე რჩება.
– რამდენად მნიშვნელოვანია შეხვედრაში მონაწილე პირების დიპლომატიური რანგი?
– რანგებს შორის განსხვავებას ამ შემთხვევაში გადამწყვეტ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. ჩემთვის არსებითი ის არის, საით მიდის პროცესი და ხომ არ მზადდება საფუძველი დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად.
– თქვენ რუსეთის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობთ. კონკრეტულად რომელ პროცესებში ხედავთ ამას?
– პირველ რიგში, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესებში. ჩემი შეფასებით, რუსეთის მიერ დანიშნული პირების მმართველობით როლებში გაძლიერება ანექსიის პროცესის ნაწილია.
ტერიტორიული მთლიანობა საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე საკითხია. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებისგან ამ პროცესებზე სათანადო ყურადღებას ვერ ვხედავთ, ეს მისთვისაც სერიოზული პრობლემაა.
ამასთან, მიმაჩნია, რომ რუსეთის მიზანია საქართველოს ევროპულ პარტნიორებთან ურთიერთობების გაწყვეტა და ევროინტეგრაციის გზის შეჩერება. სწორედ ამ კონტექსტში ვაფასებ როგორც მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ისე ნეიტრალიტეტის შესახებ გააქტიურებულ საუბარს.
– რა კითხვებს აჩენს თქვენთვის საქართველოს ნეიტრალიტეტის შესახებ მსჯელობა?
– ნეიტრალიტეტის გამოცხადება თავისთავად საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია, როგორ მიიღებენ და აღიარებენ მას სხვა სახელმწიფოები.
როდესაც პოლიტიკური ჯგუფები ნეიტრალიტეტზე საუბრობენ, უნდა განმარტონ: აქვთ თუ არა წარმოდგენა ჩვენი მეზობლებისა და საერთაშორისო პარტნიორების დამოკიდებულებაზე? არსებობს თუ არა ამ საკითხზე რაიმე შეთანხმება?
აშშ-ს, ჩინეთს, ევროკავშირსა და ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებს სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებული საკუთარი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები აქვთ. ამიტომ კითხვა მარტივია: რა საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ისინი საქართველოს ნეიტრალიტეტს აღიარებენ?
ამ კითხვებზე პასუხების გარეშე ნეიტრალიტეტის შესახებ საუბარი ჩემთვის დაუსაბუთებელია. თუ ეს მხოლოდ პროპაგანდის ნაწილია, საზოგადოებას მისი რეალური შინაარსი და შესაძლო შედეგები უნდა განემარტოს.
– ანალიტიკოსმა მირიან მირიანაშვილმა ჩვენს ეთერში აღნიშნა, რომ წარსულში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის აღდგენაზე საუბრისას ქართულმა მხარემ უნდა დასვას კითხვა იმ პერიოდზეც, როდესაც რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებდა. რამდენად იძლევა მინსკის ფორმატი ამ საკითხზე საუბრის შესაძლებლობას?
– ჩემი შეფასებით, რუსეთის ამოცანა ყოფილ საბჭოთა სივრცეში გავლენის შენარჩუნებაა. ამ გავლენის შენარჩუნება თავისთავად არ ნიშნავს, რომ მოსკოვი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას გადახედავს ან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას შექმნის.
არსებობს საფრთხე, რომ საქართველოს თავს მოახვიონ კონფედერაციის ისეთი მოდელი, რომელიც თავდაპირველად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას მოითხოვს, შემდეგ კი გარკვეულ გაერთიანებას შესთავაზებს.
ჩემი შეშფოთება ის არის, რომ ასეთი მოდელი შესაძლოა შემდგომ ამ გაერთიანებიდან გასვლის შესაძლებლობასაც ითვალისწინებდეს. შედეგად, მნიშვნელოვნად დაზიანდება არაღიარების პოლიტიკის საფუძველი.
ეს ჩემი შეფასებაა შესაძლო რისკების შესახებ. იმედი მაქვს, საერთაშორისო თანამეგობრობა არ დაუშვებს მოვლენების საქართველოს ინტერესების საზიანოდ განვითარებას. ამ მოცემულობით მინსკის შეხვედრების პერსპექტივას ოპტიმისტურად ვერ ვაფასებ. ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით მაღალ რისკებს ვხედავ.
– შეხვედრის შესახებ განცხადებებში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობაც იყო ხაზგასმული. შეიძლება თუ არა პარალელურმა ორმხრივმა დიალოგმა ჟენევის პროცესი შეასუსტოს?
– ვფიქრობ, ასეთი საფრთხე არსებობს. ცნობილია რუსეთის დამოკიდებულება ჟენევის ფორმატისა და მასში ჩვენი პარტნიორების მონაწილეობის მიმართ.
ამიტომ მინსკში შეხვედრების გამართვა ჩემთვის საყურადღებოა: ორმხრივმა არხმა შესაძლოა შეამციროს იმ ფორმატის მნიშვნელობა, რომელშიც საერთაშორისო პარტნიორებიც მონაწილეობენ. სწორედ მათი ჩართულობაა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი.
– გავრცელდა ინფორმაცია ტექნიკურ საკითხებზე მიღწეული შეთანხმებების შესახებ, თუმცა დეტალები არ დაკონკრეტებულა. რა უნდა იცოდეს საზოგადოებამ ასეთი შეხვედრების შესახებ?
გასაგებია, რომ მოლაპარაკების ყველა დეტალი საჯარო ვერ იქნება, მაგრამ ძირითადი მიმართულებები საზოგადოებისთვის აუცილებლად ცნობილი უნდა იყოს.
რუსულმა მხარემ განცხადება სწრაფად გაავრცელა, ქართულმა მხარემ კი – მოგვიანებით. ჩემი შეფასებით, გამოქვეყნებული განცხადებები იმდენად ზოგადი და პროტოკოლური იყო, რომ მოქალაქეებს შეხვედრის შინაარსზე საკმარის წარმოდგენას ვერ უქმნიდა.
ასეთი ინფორმაციული სიცარიელე აჩენს კითხვებს: რაზე მიმდინარეობს საუბარი, რა საკითხები დგას დღის წესრიგში და რა შედეგს უნდა ველოდოთ? საზოგადოებას ამ კითხვებზე პასუხები სჭირდება.
– თქვენი კრიტიკა თავად რუსეთთან დიალოგს ეხება თუ იმ პირობებს, რომლებშიც ის მიმდინარეობს?
რუსეთთან საუბრის აუცილებლობას არ უარვყოფ. რუსეთი ჩვენი მეზობელია და კომუნიკაციის საჭიროება იარსებებს.
ჩემი კრიტიკა ეხება დღევანდელ პირობებსა და ძალთა თანაფარდობას. მიმაჩნია, რომ ასეთ ვითარებაში რუსეთთან მოლაპარაკებებზე პარტნიორების გარეშე დარჩენა საქართველოსთვის რისკის შემცველია.
როდესაც შენზე ძლიერ მოწინააღმდეგესთან მიდიხარ მოლაპარაკებაზე, უნდა ცდილობდე, მარტო არ დარჩე. სწორედ ამიტომ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი პარტნიორების მონაწილეობა და ის, თუ რა აძლიერებს საქართველოს პოზიციას ამ პროცესში.
ჟურნალისტი: ლევან ჭითანავა
რესპონდენტი: ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა