ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პოლონეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავების ოპერაცია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარმა სამმართველომ ჩაატარა.
უწყების ცნობით, დაკავებული პოლონეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე სხვადასხვა მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის იძებნებოდა.
მას ბრალი პოლონეთის სისხლის სამართლის კოდექსის შვიდი მუხლით აქვს წარდგენილი, მათ შორის, გამოძალვის, მუქარის, თაღლითობის, საჯარო თანამდებობის უკანონოდ დაკავებისა და სხვა პირის ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამოყენებისთვის.
ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.