უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, BBC-სთან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინის მიმართ მეგობრული დამოკიდებულების გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ უკრაინისთვის ბალისტიკური რაკეტების გასანადგურებლად საჭირო შეიარაღების მიწოდების შეფერხება ადამიანების სიცოცხლის ფასად ხდება.

კიევში, პრეზიდენტის ოფისში ჩაწერილ ინტერვიუში ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში მოსკოვზე საკმარის ზეწოლას არ ახორციელებს.

უკრაინის პრეზიდენტმა უცნაური უწოდა დონალდ ტრამპის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოსაც, რომელზეც აშშ-ის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს ეხუტება.

„რა თქმა უნდა, ეს შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადასაწყვეტია, მაგრამ უცნაურია. ის აგრესორი და მკვლელია. ის მეგობარი ვერ იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ მსგავსი დამოკიდებულება მეორე მსოფლიო ომის დროს ადოლფ ჰიტლერთან მეგობრობის გამოცხადების ტოლფასი იქნებოდა.

სამშვიდობო მოლაპარაკებები და ვაშინგტონის პოზიცია

BBC-ის შეფასებით, 2025 წელს თეთრ სახლში დონალდ ტრამპთან დაძაბული შეხვედრის შემდეგ ზელენსკი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის საკითხში განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენდა.

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები, ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი, რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას ცდილობენ. თუმცა, BBC-ის შეფასებით, მათი პოზიციები ხშირად უფრო მეტად მოსკოვის ხედვებს შეესაბამება, ვიდრე კიევისას.

ოთხშაბათს დონალდ ტრამპის სიძემ, ჯარედ კუშნერმა, განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა თავშეკავება გამოიჩინა იმით, რომ უკრაინაში ბირთვული იარაღი არ გამოიყენა. მან რუსეთის პრეზიდენტს ასევე „პოლიტიკის დიდოსტატი“ უწოდა.

აბუ-დაბიში ნოემბერში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი მნიშვნელოვანი პროგრესის გარეშე დასრულდა.

ზელენსკის განცხადებით, უკრაინას სჭირდება მოკავშირეები, რომლებსაც რუსეთზე რეალური ზეწოლის განხორციელება შეუძლიათ. მან შეერთებულ შტატებს მოუწოდა, საკუთარი პოლიტიკური ძალა და საერთაშორისო ავტორიტეტი შესაბამისი შედეგების მისაღწევად გამოიყენოს.

უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, აგრესორსა და თავდასხმის მსხვერპლს შორის ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნება ორივე მხარის მხარდაჭერას ნიშნავს, რაც, მისი აზრით, არასწორია.

ვაშინგტონი კი საკუთარ ნეიტრალურ პოზიციას მხარეებს შორის გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის აუცილებლობით ხსნის.

ხუთშაბათს დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი მთავარი მიზანი ადამიანების დაღუპვის შეწყვეტა და შეთანხმების მიღწევაა.

აშშ-ის პრეზიდენტის შეფასებით, სამშვიდობო პროცესის ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობაა.

საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტი

სამშვიდობო მოლაპარაკებების პარალელურად, უკრაინა საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას ცდილობს.

რუსეთის ძალები ბალისტიკური რაკეტებით უკრაინის ელექტროსადგურებსა და ხიდებს უტევენ, ხოლო რეაქტიული ძრავებით აღჭურვილი უპილოტო საფრენი აპარატებით — კიევსა და სხვა დიდ ქალაქებს.

ზელენსკის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალებს ამჟამად რუსეთის ყველაზე სწრაფი დრონების დაახლოებით 70%-ის განადგურება შეუძლიათ და ეს მაჩვენებელი თანდათან უმჯობესდება.

თუმცა, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა ბალისტიკური რაკეტების გასანადგურებლად საჭირო გადამჭერი რაკეტების მწვავე დეფიციტს განიცდის, შეერთებული შტატები კი Patriot-ის სისტემების მიწოდებას აჭიანურებს.

ზელენსკიმ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამოც, რომ ვაშინგტონის ყურადღება ახლო აღმოსავლეთისკენ არის მიმართული.

„ამ რაკეტების დეფიციტი ადამიანების სიცოცხლეს ნიშნავს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

Starlink-ის შეზღუდვები ოკუპირებულ ტერიტორიებზე

BBC-სთან ინტერვიუში ზელენსკიმ ასევე დაადასტურა, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამერიკული სატელიტური საკომუნიკაციო სისტემის, Starlink-ისა და მისი სამხედრო ვერსიის, Starshield-ის, გამოყენებაზე შეზღუდვები კვლავ მოქმედებს.

BBC-ის ინფორმაციით, უკრაინული უპილოტო სისტემების დანაყოფები აღნიშნული შეზღუდვების გამო ოპერაციულ სირთულეებს აწყდებიან.

კითხვაზე, ვინ მიიღო შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება, ზელენსკიმ უპასუხა, რომ ტექნიკური თვალსაზრისით პასუხისმგებელი SpaceX-ია, თუმცა მისთვის უცნობია, ვის ეკუთვნის პოლიტიკური გადაწყვეტილება.

უკრაინის თავდასხმები რუსეთის სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე

ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინამ რუსეთის სამიზნეებზე შორ მანძილზე განხორციელებული თავდასხმები გაააქტიურა. მათ შორისაა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და გემები, რომლებიც შეიარაღებისა და საწვავის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯა მელონიმ, აღმოსავლეთ ლიბიაში რუსეთის სამხედრო გემის ჩაძირვის შემდეგ განაცხადა, რომ მსგავსი თავდასხმები ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ომის გავრცელების საფრთხეს ქმნის, რაც მიუღებელია.

ზელენსკიმ უკრაინის მოქმედება დაიცვა და რუსულ სამხედრო გემ „მერკურის“ ლეგიტიმური სამხედრო სამიზნე უწოდა.

უკრაინის პრეზიდენტმა აღიარა, რომ მსგავსი ოპერაციები მნიშვნელოვან რისკებთან არის დაკავშირებული, თუმცა განაცხადა, რომ უკრაინის ძალები თავდასხმებს პარტნიორებთან კოორდინაციის გარეშე არ ახორციელებენ.

მას დამატებითი დეტალები არ დაუკონკრეტებია.

უკრაინა რთული ზამთრისთვის ემზადება

ზელენსკის განცხადებით, უკრაინა განსაკუთრებით რთული და სახიფათო ზამთრისთვის ემზადება.

კიევზე განხორციელებული ბოლო თავდასხმების სამიზნე მდინარე დნეპრზე მდებარე ხიდებიც გახდა. BBC-ის შეფასებით, მსგავსი დარტყმების მიზანი შესაძლოა დედაქალაქის ორ ნაწილად გაყოფა იყოს.

ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შედეგად ბიზნესის საოპერაციო ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა. საწარმოების ნაწილმა საქმიანობა შეაჩერა, მოსახლეობის ნაწილმა კი ზამთრის პერიოდში დედაქალაქის დატოვება გადაწყვიტა.

ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიზანი უკრაინელების იძულებაა, დატოვონ დედაქალაქი, თუმცა ხელისუფლება კიევის დასაცავად ყველა შესაძლო ზომას მიიღებს.

„ადამიანებს შეუძლიათ წავიდნენ, მაგრამ ჩვენ ყველანაირად შევეცდებით ჩვენი დედაქალაქის დაცვას. ჩვენ გვჭირდება დედაქალაქი. დედაქალაქის გარეშე ქვეყანა არ არსებობს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

წყარო: BBC