მაიამიში, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა შეუძლებელია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა AFP-ს განუცხადა.

ზელენსკიმ 12 სექტემბერს განაცხადა, რომ მზად არის დეკემბერში მაიამიში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე ჩავიდეს და პუტინს შეხვდეს, თუ რუსეთის პრეზიდენტიც მიიღებს მონაწილეობას.

პესკოვმა ამ შესაძლებლობას თავიდანვე გამორიცხა და შეხვედრას „შეუძლებელი“ უწოდა. კითხვაზე, განიხილავს თუ არა კრემლი ზელენსკისთან შეხვედრისთვის სხვა ადგილს, პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინი მზად არის ზელენსკის მოსკოვში შეხვდეს.

ამ დროისთვის ოფიციალურად დადასტურებული არ არის, დაესწრება თუ არა პუტინი მაიამიში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტს.

ზელენსკის თქმით, თუ ორივე ლიდერს სამიტზე დასწრება მოუწევს, ის მოლაპარაკებისთვის მზად არის.

„უნდა ჩავიდეთ. უნდა შევხვდეთ, ვისაუბროთ და გადაწყვეტილებები მივიღოთ. სიტყვებში არაა საქმე. მე რას ვეტყვი ან ის რას მეტყვის – ამას მნიშვნელობა არ აქვს. რასაც მნიშვნელობა აქვს – შედეგია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.