შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ, ჯგუფურად შეძენა-შენახვის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, ბრალდებულების დროებით საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკა ჩაატარეს.
ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა მოდელის ოთხი ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 156 საბრძოლო ვაზნა და ხუთი მჭიდი, რომლებიც, უწყების ცნობით, დაკავებულებს ჯგუფურად, უკანონოდ ჰქონდათ შეძენილი და შენახული.
სამივე პირი პოლიციამ ბრალდებულის სახით დააკავა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.