საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, უწყება განათლებისა და მეცნიერების შესახებ ერთიან კანონპროექტზე მუშაობს, რომელიც შვიდ მოქმედ კანონს ჩაანაცვლებს.

როგორც მინისტრმა „იმედის“ ეთერში განაცხადა, კანონპროექტის წარდგენა პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება. მისივე თქმით, დოკუმენტში განათლების სხვადასხვა მიმართულებასთან დაკავშირებული საკითხები იქნება გაერთიანებული, მათ შორის, სადოქტორო და უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის საკითხები.

მიქანაძის განცხადებით, მესამე საფეხურთან დაკავშირებით გარკვეული ხედვა შესაძლოა წლის ბოლომდე მომზადდეს. დოკუმენტის საბოლოო ფორმირებამდე საკითხის აკადემიურ საზოგადოებასთან განხილვა და პოზიციების შეჯერება იგეგმება.

მინისტრმა ასევე ისაუბრა ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში დაგეგმილ სიახლეებზე. მისი თქმით, მომავალი წლიდან დამამთავრებელ კლასებში „რეპეტიტორიუმის“ მიდგომის დანერგვა იგეგმება. მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, ეროვნული გამოცდებისთვის სამი ან ოთხი საგანი აირჩიონ, რის საფუძველზეც შესაბამისი სასწავლო პროცესი ჩამოყალიბდება.

მიქანაძის ინფორმაციით, ამ მიმართულებით იგეგმება პედაგოგების შერჩევა და გადამზადება, ასევე, ყველა საგანში შესაბამისი სახელმძღვანელოების მომზადება.

მინისტრის განცხადებით, განათლების სფეროში დაგეგმილი ცვლილებები პროფესიულ განათლებასაც შეეხება. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით, პარლამენტისთვის წარდგენილი იქნება წინადადება, რომლის მიხედვითაც პროფესიული სწავლების გარკვეული პროგრამების კრედიტების აღიარება და მათი უმაღლესი განათლების შესაბამის პროგრამებში ჩათვლა გახდება შესაძლებელი.

მიქანაძის თქმით, პროფესიული განათლების მიმართულება სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. მისი ინფორმაციით, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში პროფესიული განათლების ინტეგრირებული პროგრამა უკვე 83 სკოლაში მოქმედებს, მიმდინარე სასწავლო წლიდან კი კიდევ ექვს სკოლას დაემატება და მათი რაოდენობა 89-მდე გაიზრდება.

მინისტრის განცხადებით, პირველი კურსდამთავრებულები პროგრამიდან მიმდინარე წლის მაისში გამოვიდნენ და მათ სკოლის ატესტატთან ერთად კონკრეტული პროფესიის დამადასტურებელი დიპლომიც მიიღეს.

მიქანაძის თქმით, პროფესიული განათლების განვითარება შრომის ბაზრის მოთხოვნებთან არის დაკავშირებული. მისი ინფორმაციით, კერძო სექტორთან თანამშრომლობის შედეგად, პროფესიული პროგრამების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი ბოლო წლებში 24%-დან 74%-მდე გაიზარდა.