დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი ამირან გამყრელიძე ექიმ მაია კოხტაშვილის საქმეს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ სამედიცინო სფეროში გადაწყვეტილებებისა და რეგულაციების მიღებისას მათი შესაძლო შედეგები წინასწარ უნდა შეფასდეს.

როგორც გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს, მტკიცებულებებისა და სათანადო პროგნოზირების გარეშე მიღებულმა, ნაჩქარევმა რეგულაციებმა შესაძლოა, საბოლოოდ, პაციენტებს ზიანი მიაყენოს და სამედიცინო პერსონალი რთულ მდგომარეობაში ჩააყენოს.

მისი განცხადებით, ექიმის მთავარი მოვალეობა პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა და სამედიცინო პერსონალს არ უნდა უწევდეს იმის შიში, რომ პაციენტის ტკივილისა და ტანჯვის შესამსუბუქებლად მიღებულმა პროფესიულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა სამართლებრივი ან სხვა სახის სანქცია გამოიწვიოს.

გამყრელიძე ასევე საუბრობს მაია კოხტაშვილის მიმართ საზოგადოების და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მხარდაჭერაზე და აღნიშნავს, რომ ექიმის პროფესიონალიზმთან დაკავშირებით წამყვანი ნევროლოგებისა და ფსიქიატრების შეფასებებს სრულად იზიარებს.

მისივე თქმით, საზოგადოებაში ექიმების მიმართ ნდობის შენარჩუნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და მიუღებელია ისეთი მიდგომები, რომლებიც მთლიანად სამედიცინო საზოგადოების რეპუტაციას აზიანებს.

„აუცილებელია, დავფიქრდეთ იმ რეგულაციებზეც, რომლებსაც მტკიცებულებებისა და სათანადო პროგნოზირების გარეშე ვიღებთ. ნაჩქარევად მიღებულმა და არასათანადოდ შეფასებულმა რეგულაციებმა შესაძლოა, საბოლოოდ, პაციენტებს უფრო მეტი ზიანი მოუტანოს და რთულ მდგომარეობაში ჩააყენოს სამედიცინო პერსონალი“, – წერს გამყრელიძე.

მისი განცხადებით, გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა კიდევ ერთხელ უნდა გადახედონ ნაჩქარევად მიღებულ რეგულაციებს და შეაფასონ მათი შესაძლო გავლენა როგორც პაციენტებზე, ისე ექიმებზე.

„ჯანდაცვის პოლიტიკა და რეგულირება უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებებს, პროფესიულ კონსულტაციებსა და შედეგების წინასწარ შეფასებას – და არა ემოციებს, პოლარიზაციასა და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს“, – აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.