რუსეთმა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მდებარე „იაგოდინის“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტი დაბომბა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა მომხდარს გამოეხმაურა და საერთაშორისო პარტნიორებს რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებისკენ მოუწოდა.
სიბიგას განცხადებით, „იაგოდინზე“ განხორციელებული დარტყმა მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის თავდასხმების გაგრძელება არ არის და ის ევროკავშირისა და ნატოს საზღვრებთან რუსეთის აგრესიის გავრცელების საფრთხეზე მიუთითებს.
„რუსეთის ბარბაროსული დარტყმები უკრაინა-პოლონეთის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „იაგოდინზე“ ჩვენს სახელმწიფო საზღვრებზე მისი თავდასხმების უბრალო გაგრძელება არაა. ეს არის პუტინის ტერორის პირდაპირ ევროკავშირისა და ნატოს კარზე „კაკუნი“. რუსი ბარბაროსები თქვენს კართან არიან, ძვირფასო პარტნიორებო“, – წერს სიბიგა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დასავლელ პარტნიორებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდებს.
„იმოქმედეთ ახლავე: მთელი სიმკაცრით აამოქმედეთ სანქციები პუტინის აგრესიული რეჟიმის წინააღმდეგ. აგრძნობინეთ მოსკოვს მისი ტერორის შედეგები. საჭიროა არა ნახევარზომები, არამედ უკომპრომისო, ძლიერი ნაბიჯები. სრული სავაჭრო ემბარგო, ქვეყანაში შესვლაზე სრული აკრძალვები და ყოვლისმომცველი სანქციები სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ“, – აღნიშნავს სიბიგა.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უნდა გაიგოს, რომ აგრესიას მკაცრი პასუხი მოჰყვება და ომის გაგრძელების ფასი მისთვის მიუღებელ დონემდე უნდა გაიზარდოს.
„ეს მისი შეჩერების ერთადერთი გზაა“, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.