აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა დანიასთან შეთანხმებას მიაღწია, რომელიც აშშ-ს გრენლანდიაში უსაფრთხოებაზე „მუდმივ კონტროლს“ ანიჭებს.
ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა, რომ აშშ „დაუყოვნებლივ დაიწყებს გრენლანდიის შესაბამის ნაწილში ფართომასშტაბიანი სამხედრო ყოფნის უზრუნველყოფის პროცესს“.
„ეს არის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ახდენილი ოცნება – უაღრესად მნიშვნელოვანი, ისტორიული და განსაკუთრებული მოვლენა“, – განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, ის მოუთმენლად ელის დანიისა და გრენლანდიის მოსახლეობასთან თანამშრომლობას, რათა ტერიტორიისთვის, რომელიც მისი შეფასებით, სტრატეგიული მნიშვნელობისაა, „ბრწყინვალე მომავალი“ შეიქმნას.
„ჩვენ მას საიმედოდ დავიცავთ!“ – წერს ტრამპი.
ამასთან, დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ დანია და გრენლანდია მომავალ კვირას აშშ-სთან შეთანხმების გაფორმებას გეგმავენ. მისი თქმით, შეთანხმების მიზანი არქტიკისა და ჩრდილოეთ ატლანტიკის რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებაა.
ტრამპი მანამდე არაერთხელ აცხადებდა, რომ გრენლანდიის აშშ-ისთვის გადაცემა ან შეძენა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი იყო. დანიისა და გრენლანდიის ხელისუფლებები კი მუდმივად აცხადებდნენ, რომ კუნძული გასაყიდი არ არის.