აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ამის შესახებ Reuters-ი თეთრ სახლზე დაყრდნობით წერს.
კანონპროექტს, სახელწოდებით „ლინდსი გრემის რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების შესახებ 2026 წლის აქტი“, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 262 ხმით 159-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი. სენატმა დოკუმენტი 7 აგვისტოს, 86 ხმით 11-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
კანონპროექტს სამხრეთ კაროლინელი რესპუბლიკელი სენატორის, ლინდსი გრემის პატივსაცემად ეწოდა. გრემი რუსეთის მიმართ მკაცრი პოლიტიკის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო.
კანონის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტს შეუძლია 100%-იანი ტარიფები დაუწესოს რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის ხუთ უმსხვილეს იმპორტიორ ქვეყანას, ასევე ხუთ ქვეყანას, რომლებიც, კანონპროექტის მიხედვით, რუსეთს ენერგეტიკული სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.
დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს ირანის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გახანგრძლივებას და დამატებითი შეზღუდვების დაწესებას რუსეთის მაღალჩინოსნების, ბანკებისა და ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ.