შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები გამოაქვეყნა.

ცენტრის ინფორმაციით, საკუთარი შედეგის ნახვა აბიტურიენტებს მის მიერ გამოქვეყნებულ ცხრილში, საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდის გამოყენებით შეუძლიათ.

მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობის შესაძლებლობა 4010 აბიტურიენტს ჰქონდა, თუმცა რეგისტრაცია 1715-მა გაიარა. საბოლოოდ, უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება 1242 აბიტურიენტმა მოიპოვა, რაც მონაწილეთა 73%-ია.

საბაკალავრო პროგრამებზე ჩაირიცხა 818 აბიტურიენტი. მათგან 312 სახელმწიფო, ხოლო 506 კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გააგრძელებს სწავლას.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის უფლება 408-მა აბიტურიენტმა მიიღო. მათგან 244 სახელმწიფო, 164 კი კერძო პროფესიულ სასწავლებლებში ჩაირიცხა.

ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა 16 გამოსაცდელს მიეცა და ყველა მათგანი სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხა.

ე.წ. მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეულ საგანში დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, თუმცა უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვა ვერ შეძლეს.

ასევე, პროცესში მონაწილეობა შეეძლოთ იმ პირებს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ცალკეულ საგნებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახეს, თუმცა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისთვის განსაზღვრული მინიმალური ზღვარი დაძლიეს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ასევე აქვეყნებს მინიმალურ გამსვლელ ქულებს საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით.