უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, რუსეთი უკრაინის საზღვაო დერეფანზე, პორტებსა და სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურაზე მიზანმიმართულ თავდასხმებს ახორციელებს, რაც მარცვლეულის ექსპორტისთვის ხელის შეშლას ისახავს მიზნად.
ამის შესახებ სიბიგამ მსოფლიო სასურსათო პროგრამის მოქმედ აღმასრულებელ დირექტორთან, კარლ სკაუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი გლობალური სასურსათო უსაფრთხოება და უკრაინის საზღვაო დერეფნის წინააღმდეგ რუსეთის თავდასხმები იყო.
სიბიგას თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის პორტებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის დაზიანება გავლენას მხოლოდ შავი ზღვის რეგიონზე არ ახდენს, რადგან უკრაინა საერთაშორისო ბაზრებს მარცვლეულისა და მზესუმზირის ზეთის მნიშვნელოვანი მოცულობით ამარაგებს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აღნიშნული პროდუქციის ექსპორტი მილიონობით ადამიანისთვის მნიშვნელოვანია და სასურსათო უსაფრთხოება რუსეთის აგრესიის ან ზეწოლის ინსტრუმენტად არ უნდა იქცეს.
სიბიგამ ასევე აღნიშნა, რომ შავ ზღვაში ნავიგაციის თავისუფლების უზრუნველყოფა, უკრაინის პორტების დაცვა და რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება, მისი შეფასებით, საერთაშორისო საზოგადოების გადაუდებელ პრიორიტეტებს წარმოადგენს.