რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსული მედიის ცნობით, ლავროვი გაეროს გენერალურ ასამბლეას 26 სექტემბერს მიმართავს. ვიზიტის ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა მრავალმხრივ შეხვედრაში და ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს.
მათ შორის, ლავროვის შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან არის დაგეგმილი.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე ის ამერიკელი კოლეგისგან უკრაინის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით აშშ-ის პოზიციის გარკვევას გეგმავს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლავროვისა და რუბიოს შეხვედრაზე გაეროს ფარგლებში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებსაც განიხილავენ.