ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
გუშაგთა კორპუსის პრესსპიკერის, ჰოსეინ მოჰების განცხადებით, ტრამპის მუქარებით ვაშინგტონი სასურველ შედეგს ვერ მიაღწევს.
„ტრამპს ავიწყდება, რომ მანამდეც იმუქრებოდა, თუმცა მუქარის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო; ახლა კი ის კვლავ ახალ მუქარებს ახმოვანებს“, – განაცხადა მოჰებიმ.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებებს ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბიც გამოეხმაურა. უწყების განცხადებით, ვაშინგტონის მხრიდან „უსაფუძვლო ბრალდებებისა და მუქარების“ გამეორება ძალის დემონსტრირებად არ უნდა აღიქმებოდეს.
ირანის გენშტაბის განცხადებით, თეირანი საჭიროების შემთხვევაში კიდევ უფრო მკაცრ, გამანადგურებელ და არაპროგნოზირებად დარტყმებს განახორციელებს.
ამასთან, ირანის პარლამენტის სპიკერმა მოჰამად ბაღერ ღალიბაფმა განაცხადა, რომ აშშ-ის ზეწოლის მიუხედავად, ირანი უკან დახევას და საქმიანობის შეწყვეტას არ აპირებს.
„არასდროს დავნებდებით და ქვეყანას არ გავაჩერებთ. ძალით ვუპასუხებთ – ისევე, როგორც აქამდე ვაკეთებდით“, – განაცხადა ღალიბაფმა.
დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ირანთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. მისი თქმით, ერთ-ერთი ვარიანტი შეთანხმების მიღწევაა, რომელიც ირანს განვითარების შესაძლებლობას მისცემს, მეორე კი, როგორც მან აღნიშნა, ისლამური რესპუბლიკის განადგურებაა.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ მისი მოლოდინით, ირანთან შეთანხმება შესაძლოა აშშ-ის შუალედური არჩევნების შემდეგ გაფორმდეს.