აშშ-ის მიერ უკრაინისთვის განკუთვნილ სამხედრო დახმარების პაკეტში Patriot-ის ტიპის რაკეტები არ შევა. ინფორმაციას Reuters წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ იურიდიულად სავალდებულო ვალდებულებები აიღო, რათა თითქმის სრულად იქნას ათვისებული 400 მილიონი დოლარი, რომელიც აშშ-ის კონგრესმა გასული წლის ბოლოს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის დაამტკიცა.

Reuters-ის წყაროების ინფორმაციით, მიმდინარე კვირის დასაწყისისთვის 400 მილიონი დოლარიდან 307 მილიონი უკვე გამოყოფილი იყო შესაბამისი ვალდებულებებისთვის, დარჩენილი 93 მილიონის კონტრაქტებით უზრუნველყოფა კი 30 სექტემბრამდე იგეგმება.

ამასთან, ერთ-ერთი წყაროს ცნობით, კიევის მოთხოვნის მიუხედავად, დახმარების ფარგლებში გადასაცემ შეიარაღებაში Patriot-ის რაკეტები არ შედის.

სამხედრო დახმარების პირველი მიწოდება სექტემბერში დაიწყო და მოიცავს თავდასხმით შეიარაღებასა და სხვადასხვა აღჭურვილობას, მათ შორის ჯავშანტექნიკის სათადარიგო ნაწილებს. დარჩენილი შეიარაღების მიწოდება, წყაროების თანახმად, შესაძლოა 2029 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდეს.