საქართველოში მოქმედი ოთხივე გერმანული პოლიტიკური ფონდი იძულებული გახდა, საქმიანობა დროებით შეეჩერებინა, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ბარბარა ფოსმა განაცხადა. ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

საუბარია კონრად ადენაუერის, ფრიდრიხ ნაუმანის, ჰაინრიხ ბიოლისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდებზე, რომლებიც საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში საქმიანობდნენ და გერმანიის სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან არიან აფილირებული, თუმცა მათგან სამართლებრივად და ორგანიზაციულად დამოუკიდებლები არიან.

ელჩის განცხადებით, ოთხივე ფონდს საქმიანობის დროებით შეჩერება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო მოუხდა. ბარბარა ფოსმა ამის შესახებ 2 ოქტომბერს, თბილისში, გერმანიის ერთიანობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ისაუბრა.

ოთხი ფონდიდან ორმა – კონრად ადენაუერისა და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდებმა — საქართველოში ოფისების დახურვის შესახებ უკვე ოფიციალურად განაცხადეს. ადენაუერის ფონდის ცნობით, მისი თბილისის ოფისი 30 სექტემბრიდან დაიხურა; ფონდმა მიზეზად ქვეყანაში შექმნილი „პოლიტიკური და სამართლებრივი ჩარჩო“ დაასახელა.

გერმანიის ელჩის თქმით, განვითარებული მოვლენები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებზეც აისახება. ამასთან, ფოსმა აღნიშნა, რომ ელჩის თანამდებობაზე მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი გერმანულ-ქართული ურთიერთობების შენარჩუნება იქნება.