დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალი Flydubai-ის რეისის ბორტზე მომხდარი ინციდენტი ტერორისტული თავდასხმის მცდელობა იყო – ამის შესახებ არაბთა გაერთიანებული საამიროების გენერალურმა პროკურორმა ჰამად საიფ ალ-შამსიმ განაცხადა.
გამოძიების თანახმად, რეის FZ1073-ის მეორე პილოტი კაპიტანს კაბინაში საავარიო ნაჯახით დაესხა თავს და თვითმფრინავის მართვაზე კონტროლის მოპოვება სცადა. საავარიო ნაჯახი ეკიპაჟისთვის კაბინაში საგანგებო სიტუაციების დროს გამოსაყენებლად ინახება.
Reuters-ის წყაროების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ომანის მოქალაქე ჰამამ ალ-ჰამამია. არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებას მისი ვინაობა ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.
ინციდენტი 30 სექტემბერს მოხდა. ბორტზე 170-ზე მეტი მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. მეორე პილოტი მგზავრებმა და ეკიპაჟის წევრებმა გაანეიტრალეს, რის შემდეგაც თვითმფრინავის მართვა ბორტზე მყოფმა სარეზერვო პილოტებმა გადაიბარეს და ლაინერი საუდის არაბეთის ქალაქ ტაბუკში უსაფრთხოდ დასვეს.
გენერალური პროკურორის განცხადებით, გამოძიება გრძელდება და სამართალდამცველები თავდასხმის მოტივსა და შესაძლო კავშირებს ადგენენ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მანამდე განაცხადა, რომ ჯერ ნაადრევია იმის თქმა, იდგა თუ არა ვინმე ინციდენტის უკან.