საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით დააკავა. ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

პროკურატურის ინფორმაციით, ჟურნალისტი სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. საქმე დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილის აზერბაიჯანისთვის შესაძლო გადაცემის შესახებ ჩუბინიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უკავშირდება.

საგამოძიებო უწყების მტკიცებით, 2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმის მეშვეობით სისტემატურად ავრცელებდა ცნობებს, თითქოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანთან გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულებით დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი მეზობელ სახელმწიფოს გადასცა.

პროკურატურა აღნიშნულ ინფორმაციას ცრუ და დეზინფორმაციულად აფასებს.

უწყების განმარტებით, სახელმწიფო საზღვრის დადგენა მოსაზღვრე სახელმწიფოსთან საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების საფუძველზე ხორციელდება, რომელიც შემდგომ საქართველოს პარლამენტის რატიფიკაციას საჭიროებს. ამასთან, საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებზე მოლაპარაკებების წარმართვა შესაბამისი სამთავრობო კომისიის უფლებამოსილებაა.

პროკურატურის განცხადებით, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მონაკვეთზე საზღვრის განსაზღვრის საკითხზე აზერბაიჯანთან შეთანხმება ამ დრომდე მიღწეული არ არის. უწყების შეფასებით, მოქმედი სამართლებრივი პროცედურები გამორიცხავს პრემიერ-მინისტრის მიერ საქართველოს ტერიტორიის სხვა სახელმწიფოსთვის ერთპიროვნულად გადაცემის შესაძლებლობას.

გამოძიება ჟურნალისტს ასევე ედავება მისი რესპონდენტის, ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებებს.

პროკურატურის მტკიცებით, ჩუბინიძე ჯორბენაძის გარდაცვალებას არაერთხელ უკავშირებდა შურისძიების მოტივით ჩადენილ შესაძლო მკვლელობას და ამტკიცებდა, რომ მიზეზი პრემიერ-მინისტრის შესახებ მამხილებელი ინფორმაციის გასაჯაროება იყო.

საგამოძიებო უწყების შეფასებით, აღნიშნული განცხადებებით ჟურნალისტმა საზოგადოებაში ტერიტორიის გადაცემის შესახებ ინფორმაციის ნამდვილობის აღქმის შექმნა სცადა.

„აღნიშნული ქმედებით, დომენტი ჩუბინიძემ განზრახ, საქართველოს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების საზიანოდ, განახორციელა საბოტაჟი, რითაც ხელი შეუშალა სახელმწიფო უწყებისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ნორმალურ ფუნქციონირებას“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, დიტო ჩუბინიძეს ბრალდება სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ფაქტზე წარედგინება. პროკურატურის განმარტებით, აღნიშნული დანაშაული ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საგამოძიებო უწყება სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს და ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.