დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კანადიდან იმპორტირებულ საქონელზე დაწესებული 50%-იანი ტარიფების ნაწილს შეამსუბუქებს. გადაწყვეტილება აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე ორი კვირით ადრე გამოცხადდა და მას წინ უძღოდა რესპუბლიკელი სენატორის, სიუზან კოლინზის, მცდელობა, ადმინისტრაციისგან საკუთარი შტატისთვის შეღავათები მიეღო.
თეთრი სახლის განცხადებით, 30 ოქტომბრიდან ტარიფების შემცირება შეეხება რამდენიმე სახეობის პროდუქციას, მათ შორის ფანერის ფურცლებს, ქაღალდის გარკვეულ ნაწარმს, ზოგიერთ დანადგარსა და სამაცივრე აღჭურვილობას.
ამასთან, შეღავათები ყველა პროდუქტზე არ გავრცელდება. ადმინისტრაციის განმარტებით, გარკვეული საქონლისთვის, მათ შორის ხალიჩებისა და ნარჩენი პროდუქტების ზოგიერთი კატეგორიისთვის, ტარიფები ამოქმედდება.
რატომ ცვლის ვაშინგტონი სავაჭრო პოლიტიკას?
აშშ-სა და კანადას შორის სავაჭრო დაპირისპირება აგვისტოში გამწვავდა, როდესაც მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ვაშინგტონმა კანადიდან იმპორტირებული დაახლოებით 20 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელს 50%-იანი ტარიფი დაუწესა.
კანადამ საპასუხო ზომები მიიღო. პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ განაცხადა, რომ ეს ნაბიჯები აუცილებელი იყო კანადელი მუშაკების დასაცავად. გასულ თვეში ოტავამ აშშ-ის ტარიფებს თანაბარი მოცულობის საპასუხო გადასახადებით უპასუხა.
დონალდ ტრამპი ტარიფების დაწესებას აშშ-ის პროდუქციის მიმართ, მათ შორის ავტომობილების, რძის პროდუქტებისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტის მიმართულებით, კანადის მხრიდან, მისი შეფასებით, არათანაბარი მოპყრობით ხსნიდა.
თეთრი სახლის პრესსპიკერის, მეთიუ მიდლტონის განცხადებით, ადმინისტრაცია კვლავ ცდილობს კანადის სავაჭრო პოლიტიკით გამოწვეულ პრობლემებთან გამკლავებას და ამერიკელი მუშაკების ინტერესების დაცვას.
ტარიფების შემცირება და საარჩევნო ფაქტორი
გადაწყვეტილებას პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს. აშშ-ში შუალედური არჩევნები კონგრესზე კონტროლის საკითხს განსაზღვრავს და გავლენას მოახდენს ტრამპის ადმინისტრაციის დარჩენილი ორწლიანი ვადის პოლიტიკურ შესაძლებლობებზე.
რესპუბლიკელი სენატორი სიუზან კოლინზი, რომელიც მეინის შტატში მანდატის შესანარჩუნებლად კონკურენტულ ბრძოლაში მონაწილეობს, აცხადებს, რომ ტარიფების შემსუბუქების საკითხზე ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს არაერთხელ მიმართა.
მისი თქმით, მიღებული გადაწყვეტილება შეღავათებს ითვალისწინებს იმ პროდუქციაზე, რომელიც მეინის სოფლის მეურნეობისთვის მნიშვნელოვანია, მათ შორის მოცვის, კარტოფილის, ვაშლისა და ზღვის მცენარეების მწარმოებლებისთვის.
კოლინზის დემოკრატმა მეტოქემ, ტროი ჯექსონმა, სენატორი გააკრიტიკა. მისი შეფასებით, ტრამპის სავაჭრო ომებმა შტატის მოსახლეობას ცხოვრება გაურთულა და ხარჯები გაუზარდა, ხოლო კოლინზი ახლა იმ პრობლემის ნაწილობრივ მოგვარებისთვის ცდილობს პოლიტიკური სარგებლის მიღებას, რომლის შექმნაშიც თავადაც მონაწილეობდა.
მეინის ეკონომიკა მჭიდროდ არის დაკავშირებული კანადასთან. შტატს კანადის პროვინციები – ნიუ-ბრანსუიკი და კვებეკი – ესაზღვრება, რის გამოც სავაჭრო შეზღუდვები განსაკუთრებით აისახება საზღვრისპირა რეგიონების ბიზნესზე.
კანადაზე ეკონომიკური დამოკიდებულების გამო სავაჭრო დაპირისპირების შედეგები სხვა შტატებშიც იგრძნობა. რესპუბლიკელმა პოლიტიკოსმა მიჩიგანიდან, მაიკ როჯერსმა, ასევე მოუწოდა ტრამპს, სავაჭრო კონფლიქტი დაასრულოს, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე რეკლამებში აღნიშნულ პოლიტიკას მხარს უჭერდა.
ოტავა სავაჭრო შეთანხმებისთვის მზად არის, თუმცა დათმობას არ ჩქარობს
კანადის შიდა ვაჭრობის მინისტრმა დომინიკ ლებლანმა განაცხადა, რომ მთავრობა ვაშინგტონის ბოლო გადაწყვეტილებებს შეაფასებს, თუმცა მზად არის კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის. მისი თქმით, კანადა დაინტერესებულია ისეთი სავაჭრო ურთიერთობით, რომელიც ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნება და ქვეყნის ინტერესებს გაითვალისწინებს.
თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ აღნიშნა, რომ კანადა აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესებასა და ორმხრივად მისაღები შეთანხმების მიღწევას მიესალმება, თუმცა ამისთვის მზად არის დაელოდოს საჭირო დროს.
კანადური მაუწყებლის CBC-ის ინფორმაციით, კარნიმ განაცხადა, რომ შეთანხმების გაფორმება დაუყოვნებლივაც შესაძლებელი იქნებოდა, აშშ-ის მზადყოფნის შემთხვევაში. მისი თქმით, თუ სათანადო შეთანხმებისთვის თვეების ან უფრო ხანგრძლივი პერიოდის მოცდა გახდება საჭირო, კანადა ამასაც შეეგუება.
ლებლანის ინფორმაციით, ხუთშაბათს ასევე გაიმართა კანადა-აშშ-ის ეკონომიკური ურთიერთობების საკონსულტაციო კომიტეტის წევრების შეხვედრა. ეს კომიტეტის მეცხრე შეხვედრა იყო 2026 წლის აპრილის შემდეგ. განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ამერიკული ტარიფების გავლენა გახდა.
წყარო: BBC