ა. ა. მილნის პირველი წიგნი ვინი პუჰის შესახებ 1926 წლის ოქტომბერში გამოიცა. მას შემდეგ დათუნია პუჰისა და მისი მეგობრების ისტორიები ბავშვების საყვარელ საკითხავად იქცა. თუმცა წიგნების მთავარი შთაგონების წყაროსთვის, მწერლის ვაჟისთვის, კრისტოფერ რობინისთვის, ამ პოპულარობას მძიმე მხარეც ჰქონდა. წლების განმავლობაში ის ცდილობდა გაქცეოდა იმ პერსონაჟის ჩრდილს, რომლის სახელსაც მთელ მსოფლიოში იცნობდნენ.

„პუჰ, დამპირდი, რომ არასოდეს დამივიწყებ. მაშინაც კი, როცა ასი წლის გავხდები“, – ეუბნება კრისტოფერ რობინი თავის სათამაშო დათუნიას წიგნის „სახლი პუჰის კუთხეში“ ბოლო თავში.

ბრიტანელ მწერალსა და დრამატურგს, ა. ა. მილნს, სანერვიულო თითქოს არაფერი ჰქონდა. 1926 წლის ოქტომბერში გამოცემულმა პირველმა წიგნმა მკითხველს პერსონაჟები გააცნო, რომლებიც მწერლის ვაჟისა და მისი საყვარელი რბილი სათამაშოების მიხედვით შეიქმნა: კეთილი, თუმცა ცოტა გულუბრყვილო დათუნია პუჰი, მორცხვი გოჭუნა, მოუსვენარი ვეფხვი ტიგერი და მუდამ პესიმისტურად განწყობილი ვირი იორე.

ასე დაიწყო პერსონაჟების ისტორია, რომელმაც ასწლეულს გაუძლო და თავდაპირველ ლიტერატურულ სამყაროს დიდი ხანია გასცდა. 1966 წლიდან ვინი პუჰი დისნეის ანიმაციური და მხატვრული ფილმების გმირად იქცა. დღეს ეს პერსონაჟები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე შემოსავლიან მედია-ფრენჩაიზს წარმოადგენს.

პუჰი არაერთხელ გამხდარა საზოგადოებრივი განხილვისა და ხუმრობის საგანიც: პოლონეთში მისი პერსონაჟი ბავშვებისთვის შეუფერებლად მიიჩნიეს, ჩინეთში კი დათუნია პრეზიდენტ სი ძინპინთან შედარების გამო ინტერნეტმემების გმირად იქცა. ინტერნეტში გავრცელდა იუმორისტული თეორიებიც, რომელთა მიხედვითაც ასი აკრის ტყის ბინადრებს სხვადასხვა ფსიქოლოგიურ მდგომარეობას მიაწერდნენ.

თუმცა ამ საყვარელი პერსონაჟების შექმნისა და მათი წარმოუდგენელი წარმატების მიღმა ისტორია იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე საბავშვო წიგნების მკითხველს შეიძლება წარმოედგინა.

ბავშვობა, რომელიც წიგნებში არ ასახულა

კრისტოფერ რობინისთვის მამის ნაწარმოებებთან კავშირი თავდაპირველად სასიხარულო იყო. 1976 წელს, BBC-ის გადაცემაში Desert Island Discs, მან გაიხსენა, რომ წიგნების გამოქვეყნებისას აღფრთოვანებული და ამაყი იყო. თუმცა ასაკის მატებასთან ერთად ამ კავშირისგან მიღებული სიამოვნება თანდათან გაქრა.

კრისტოფერს განსაკუთრებით აწუხებდა ის, რომ მამამ ლიტერატურულ ნაწარმოებებში მისი ბავშვობის თამაშები გამოიყენა. სწორედ ინგლისის აღმოსავლეთ სასექსში მდებარე ეშდაუნის ტყემ შთააგონა მწერალი, შეექმნა წიგნებში აღწერილი ასი აკრის ტყე.

„თითქოს მამაჩემმა წარმატებას ჩემი ბავშვური მხრების გამოყენებით მიაღწია, ჩემი სახელი წამართვა და მხოლოდ მისი შვილის სახელით ცნობილი ადამიანის ცარიელი დიდება დამიტოვა“, – წერდა კრისტოფერი 1974 წელს გამოცემულ მემუარებში The Enchanted Places.

2017 წლის ფილმში Goodbye Christopher Robin ასახული ამბის მსგავსად, მისი ბავშვობა სულაც არ ჰგავდა იმ უდარდელ სამყაროს, რომელსაც მილნის წიგნები აღწერდა.

„იმ დროს ჩემნაირ ბავშვებს ძიძები ზრდიდნენ. ჩემი ბავშვობა, დაახლოებით ათი წლის ასაკამდე, მთლიანად ძიძის გავლენის ქვეშ გავატარე“, – უთხრა მან BBC-ს 1971 წელს.

კრისტოფერის თქმით, ადრეულ წლებში მშობლებთან ურთიერთობაც შეზღუდული ჰქონდა. „დაახლოებით ცხრა წლამდე ორივე მშობელი ჩემგან საკმაოდ შორს იყო… მათ დღის მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთებში ვხედავდი“.

მისი აზრით, წიგნები უშუალოდ მისთვის არც დაუწერიათ. „მამაჩემი ჩემზე არ ფიქრობდა. ის საკუთარი თავისთვის წერდა“, — ამბობდა კრისტოფერი.

მორცხვობა, ეჭვიანობა და ცნობილი პერსონაჟის ტვირთი

მემუარებში კრისტოფერი იხსენებდა შემთხვევას, როდესაც ჟურნალისტმა მამამისს უთხრა, რომ მის წიგნებში ბავშვებისადმი განსაკუთრებული სიყვარული და მათი სამყაროს ღრმა გაგება იგრძნობოდა.

მილნმა უპასუხა, რომ ბავშვების მიმართ განსაკუთრებული სიყვარული არ ჰქონდა და მათ მიმართ სენტიმენტალური დამოკიდებულებითაც არ გამოირჩეოდა.

იმავე ინტერვიუში მწერალს ჰკითხეს, როგორ იმოქმედა მისმა პოპულარობამ ვაჟზე. მილნმა პასუხამდე პაუზა გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ ამ ყველაფერს კრისტოფერისთვის ზიანი არ მოუტანია.

მაგრამ ეს იმედი სრულად არ გამართლდა.

„გამოგონილმა კრისტოფერ რობინმა, სამწუხაროდ, არსებობა არ შეწყვიტა და ის და მისი რეალური სეხნია ყოველთვის კარგად ვერ უგებდნენ ერთმანეთს“, – წერდა კრისტოფერი.

სკოლაში თანაკლასელების ყურადღება და მის სახელს დაკავშირებული პერსონაჟი მისთვის მტკივნეულ თემად იქცა. ის უკიდურესად მორცხვი იყო და უჭირდა იმ გარემოსთან შეგუება, რომელშიც საკუთარი პიროვნება საყოველთაოდ ცნობილ ლიტერატურულ გმირს შეერწყა.

ზრდასრულ ასაკში პრობლემას სხვა გარემოებებიც დაემატა. კრისტოფერს სამუშაოს პოვნა უჭირდა და მამის წარმატებასთან შედარება სულ უფრო მეტად აღიზიანებდა.

„მამაჩემმა თითქოს ყველაფერს საკუთარი ძალისხმევით მიაღწია. მაგრამ მართლა მხოლოდ მისი დამსახურება იყო? განა მე ამაში რაიმე წვლილი არ მიმიძღოდა?“ – კითხულობდა ის.

მას სასოწარკვეთილად სურდა, თავი დაეღწია იმ ადამიანის იარლიყისგან, რომელსაც მთელი მსოფლიო კრისტოფერ რობინის სახელით იცნობდა.

ამის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მაგალითი მის ბავშვობის სახლთან დაკავშირებული ამბავია. სახლის მფლობელმა BBC-ს 2002 წელს უამბო, რომ კრისტოფერი რამდენიმე ათწლეულის წინ სტუმრად მიიწვია. პასუხად კი საკმაოდ უხეში წერილი მიიღო, რომელშიც კრისტოფერი აცხადებდა, რომ ვერაფერი აიძულებდა, ამ სახლის ზღურბლს კიდევ ერთხელ გადასცდენოდა.

მიუხედავად ამისა, 1979 წელს ის ეშდაუნის ტყეს დაუბრუნდა და ბავშვობაში პოპულარულ თამაშში, Poohsticks-ში, მონაწილეობა მიიღო. თამაშის არსი ხიდიდან წყალში ჯოხების ჩაშვება და იმის დაკვირვებაა, თუ რომელი ჯოხი გამოჩნდება პირველად ხიდის მეორე მხარეს. წიგნებში აღწერილმა თამაშმა მოგვიანებით ფართო პოპულარობა მოიპოვა.

რვა წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც კრისტოფერი ადგილობრივ საბჭოს ტყის შესაძენად და მისი დასაცავად დაეხმარა, კვლავ აღიარა, რომ დათუნია პუჰთან დაკავშირებული ბიჭის სახელით ყოფნა მისთვის ტვირთი იყო. ამ მდგომარეობას, მისი თქმით, ძირითადად იმით უმკლავდებოდა, რომ თემას თავს არიდებდა და საუბრის დაწყებისთანავე ცდილობდა გაქცევას.

მამისა და შვილის შერიგება

მიუხედავად მტკივნეული გამოცდილებისა, სიცოცხლის ბოლოს კრისტოფერი მამის შემოქმედებას შეურიგდა, თუმცა არასასურველი პოპულარობით გამოწვეული დისკომფორტი ბოლომდე არ გამქრალა.

ა. ა. მილნის ბიოგრაფის, ენ ტუეიტის თქმით, კრისტოფერმა საბოლოოდ გააცნობიერა, რომ მამას სინამდვილეში ძალიან უყვარდა და თავად მწერალს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა მასშტაბის პოპულარობას მოიპოვებდა მისი წიგნები და რა გავლენას მოახდენდა ეს ყველაფერი ვაჟზე.

კრისტოფერმა ისიც დაუშვა, რომ ვინი პუჰის ისტორიები შესაძლოა მამის მცდელობა ყოფილიყო, ადრეულ წლებში მათ შორის არსებული ემოციური დისტანცია შეემცირებინა და სათქმელი, რომლის პირდაპირ გამოხატვაც უჭირდა, წერილობით გადმოეცა.

„მამაჩემის გული მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩაკეტილი დარჩა“, – წერდა კრისტოფერი მემუარებში. „ის ღრმად განიცდიდა ყველაფერს, მაგრამ საკუთარ გრძნობებს თავისთვის იტოვებდა. ან, უფრო სწორად, როგორც მწერალი, მათ ნაწერებში გამოხატავდა. თუმცა იქაც ნიღბავდა… და ასე, მისი სევდაც კი მასხარას სამოსში გამოწყობილი იორეს სახით ჩნდებოდა“.

კრისტოფერისთვის ვინი პუჰი მამასთან ურთიერთობის ერთადერთ ნამდვილ დამაკავშირებელ რგოლად დარჩა.

„დღეს ადამიანები ზოგჯერ მეუბნებიან: რა გაგიმართლა, ასეთი შესანიშნავი მამა რომ გყავდაო. მათ ჰგონიათ, რომ რადგან მამაჩემი ჩემზე ასეთი სიყვარულითა და გაგებით წერდა, რეალურ ცხოვრებაშიც ასევე სიყვარულითა და გაგებით მეთამაშებოდა“, – წერდა ის.

თუმცა რეალობა განსხვავებული იყო. კრისტოფერის შეფასებით, მამამისი შემოქმედი მწერალი იყო და სწორედ იმიტომ, რომ პატარა შვილთან თამაში არ შეეძლო, ამ სურვილის დაკმაყოფილება სხვა გზით სცადა – მის შესახებ წერდა.

ასე იქცა ვინი პუჰის ისტორია არა მხოლოდ საბავშვო ლიტერატურის კლასიკად, არამედ მამა-შვილის რთული ურთიერთობის გამოხატულებადაც. წიგნებმა მილიონობით ბავშვს სიხარული მოუტანა, თუმცა ბიჭისთვის, რომლის სახელსაც მთავარი გმირი ატარებდა, მათი წარმატება წლების განმავლობაში პირად თავისუფლებასთან დაკავშირებულ მტკივნეულ კითხვად დარჩა.

წყარო: BBC