ევროკომისიამ 4 ნოემბერს „2026 წლის გაფართოების პაკეტი“ გამოაქვეყნა. საქართველოს შესახებ მთავარი დასკვნა ასეთია: გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია, საქართველო კი ევროკავშირის კანდიდატია „მხოლოდ სახელით“. ანგარიში აკრიტიკებს ხელისუფლებას დემოკრატიის, არჩევნების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, სასამართლოსა და საგარეო პოლიტიკის კუთხით. „ქართული ოცნება“ დოკუმენტს პოლიტიკურ და ცალმხრივ შეფასებად მიიჩნევს.
მთავარი დასკვნა
ევროკომისიის თქმით, საქართველო ვერ ასრულებს იმ ცხრა ნაბიჯს, რომლებიც კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას განისაზღვრა. ანგარიშის მიხედვით, მმართველი პარტია დემოკრატიულ პრინციპებს, კანონის უზენაესობას, ფუნდამენტურ უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეს ძირს უთხრის და სახელმწიფოს მიტაცებას უწყობს ხელს. ცალკეა გამოყოფილი ოლიგარქიული გავლენა, რომელიც, კომისიის შეფასებით, დემოკრატიის კონსოლიდაციას აფერხებს.
ანგარიში აკრიტიკებს 2024 წლის ნოემბრის გადაწყვეტილებასაც, რომლითაც მთავრობამ 2028 წლამდე გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნაზე უარი თქვა. კომისიის აზრით, ეს ევროინტეგრაციის კონსტიტუციურ ვალდებულებას ეწინააღმდეგება. დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ევროკავშირსა და საქართველოს შორის მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრები არ გამართულა.
დემოკრატია და არჩევნები
ანგარიშის მიხედვით, დემოკრატიის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. კომისია ამის მიზეზებად ასახელებს დემოკრატიული ინსტიტუტების ეროზიას, ძალაუფლების კონცენტრაციას, სამოქალაქო და პოლიტიკური თავისუფლებების შეზღუდვას და ანტიევროპულ რიტორიკასა და დეზინფორმაციას. დოკუმენტში ასევე წერია, რომ საპარლამენტო ზედამხედველობა შეზღუდულია, აღმასრულებელი ხელისუფლების ძალაუფლება კი გაიზარდა.
2025 წლის ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნები, კომისიის თქმით, „მკვეთრად პოლარიზებულ და რეპრესიულ გარემოში“ ჩატარდა, რამაც პროცესის კონკურენტუნარიანობა და გამჭვირვალობა სერიოზულად შეარყია. ანგარიში ამის მიზეზებად ასახელებს მმართველი პარტიისთვის ხელსაყრელ საკანონმდებლო ცვლილებებს, ოპოზიციის უმრავლესობის ბოიკოტს, საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობის ნაკლებობას და ამომრჩეველთა დაშინებას. დოკუმენტის თანახმად, საარჩევნო სისტემის რეფორმისთვის ხელისუფლებას ნაბიჯები არ გადაუდგამს.
ოპოზიციის შესახებ ანგარიშში წერია, რომ მისი ლიდერების უმრავლესობას ან სისხლისსამართლებრივი ბრალი აქვს წაყენებული, ან ემიგრაციაშია, ან პატიმრობაში. ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მცდელობა, რომელიც ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლოში განიხილება, კომისიის შეფასებით, „საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიის საფუძვლებს“.
სამოქალაქო საზოგადოება და მედია
ანგარიშის მიხედვით, სამოქალაქო საზოგადოება და უფლებადამცველები „რეპრესიულ გარემოში“ მუშაობენ, რომელიც უარესდება. დოკუმენტის თანახმად, მუდმივად ცვალებადი შემზღუდველი კანონები და დაშინება ერთად დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გადარჩენას საფრთხეს უქმნის. საქართველო, სერბეთთან და თურქეთთან ერთად, იმ სამ ქვეყანას შორისაა, სადაც სამოქალაქო სივრცის შეზღუდვა ორგანიზაციების თავისუფალ და უსაფრთხო მუშაობას რეალურად ზღუდავს.
კომისიის შეფასებით, „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონმდებლობა არასამთავრობო ორგანიზაციებს სახელმწიფოს გადაჭარბებულ კონტროლს უქვემდებარებს და განსხვავებული აზრის ჩახშობის საშუალებას იძლევა. 2026 წლის მარტში „გრანტების შესახებ“ კანონსა და სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა, ანგარიშის მიხედვით, უცხოურ დაფინანსებაზე წვდომა მნიშვნელოვნად შეზღუდა.
მედიის შესახებ ანგარიში წერს, რომ დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების შევიწროება, დაშინება და თავდასხმები ჟურნალისტების უსაფრთხოებასა და მედიის მუშაობის გარემოზე კვლავ უარყოფითად მოქმედებს.
სასამართლო და ადამიანის უფლებები
კომისიის თქმით, მართლმსაჯულებისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში ზედიზედ მესამე წელია უკუსვლა ფიქსირდება. სასამართლოს დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და კეთილსინდისიერება „კვლავ სერიოზულად შერყეულია“. 2025 წლის დეკემბერში სასამართლოს შესახებ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები, ანგარიშის მიხედვით, დამოუკიდებლობას კიდევ უფრო აზიანებს და სასამართლოს მიტაცების რისკს ზრდის.
აქციების მონაწილეებზე ანგარიშში წერია: „დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოტანილი მკაცრი და არაპროპორციული სასჯელები აჩენს ეჭვს, რომ რეპრესიული სისტემის აღსრულების მიზნით სასამართლო ინსტრუმენტად გამოიყენება“.
კომისია აღნიშნავს, რომ გასული წლის რეკომენდაციები არ შესრულებულა და ძალაში რჩება. ის საქართველოს მოუწოდებს:
– გაათავისუფლოს ყველა თვითნებურად დაკავებული პირი, მათ შორის პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები;
– გააუქმოს კანონები, რომლებიც ფუნდამენტურ უფლებებს ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით ზღუდავს;
– გამოიძიოს სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების, წამებისა და არასათანადო მოპყრობის ბრალდებები;
– იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვენეციის კომისიის რეკომენდაციებით შეცვალოს და წევრებს ფიქსირებული, განუახლებელი ვადა დაუწესოს;
– დანერგოს მოსამართლეების კეთილსინდისიერების საგანგებო შემოწმება (ვეტინგი), სადაც საერთაშორისო ექსპერტებს გადამწყვეტი როლი ექნებათ. შემოწმება უნდა გაიარონ საბჭოს წევრებმა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ და სასამართლოების თავმჯდომარეებმა.
ეს ევროკომისიის შეფასებაა. ის ქართული სასამართლოების განაჩენებს არ აუქმებს და კონკრეტულ მოსამართლეს დარღვევას არ უდგენს.
საგარეო პოლიტიკა და უვიზო მიმოსვლა
ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრა კიდევ უფრო შემცირდა. „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის თქმით, ანგარიშში წერია, რომ ხელისუფლებას არ გადაუდგამს ნაბიჯები იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რის გამოც ევროკავშირმა დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს უვიზო მიმოსვლა შეუჩერა. ეს კი, ანგარიშის თანახმად, ზოგადად უვიზო რეჟიმს საფრთხის ქვეშ აყენებს.
ბრიუსელი: „გზა ღიაა, თუ ხელისუფლება კურსს შეცვლის“
გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა ევროპარლამენტში პაკეტის წარდგენისას თქვა, რომ გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია და გაფართოების პოლიტიკა ამ ეტაპზე ვეღარ იქნება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობის ცენტრი. მისი თქმით, ვითარების შეცვლის პასუხისმგებლობა მთლიანად საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება, თუმცა ქვეყნის ევროპული გზა ღიაა, თუ ხელისუფლება კურსს შეცვლის.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი კვლავ მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ანგარიში ოფიციალურად საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი ზურაბაშვილს გადასცა.
ხელისუფლება: „ანგარიში რეალობას არ ასახავს“
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანგარიშის გამოქვეყნებამდე, 3 ნოემბერს, ბრიუსელში Euronews-ის გაფართოების სამიტზე თქვა, რომ მთავრობა ევროკომისიის შეფასებებს არ ეთანხმება: „ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ანგარიშში ყველაფერი რეალობას არ შეესაბამება“.
მან ევროკომისიის წარმომადგენლებს საჯარო დებატი შესთავაზა და ბრიუსელი დაადანაშაულა, რომ კანდიდატის სტატუსს საქართველოზე ზეწოლისთვის იყენებს. პარტიების აკრძალვის საქმეზე კობახიძემ თქვა, რომ საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოშია, ხოლო ევროპელი პოლიტიკოსების კომენტარები დამოუკიდებელ სასამართლოში ჩარევაა.
4 ნოემბერს მმართველი გუნდის რამდენიმე წარმომადგენელი გამოეხმაურა ანგარიშს.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ანგარიშს „პოლიტიკურ კომუნიკეს“ უწოდებს, რომელიც, მისი თქმით, ხელისუფლებასთან თანამშრომლობისა და ინფორმაციის გადამოწმების გარეშე შედგა. პაპუაშვილმა ელჩ ჰერჩინსკის მოსთხოვა, დაგმოს 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა. მისი თქმით, ამ საქმეზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნა ძალადობის წახალისებაა.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ ანგარიშს „ვერ მიიღებენ როგორც რეალისტურს ან მიუკერძოებელს“, რადგან ევროკომისიას ქართულ უწყებებთან კონტაქტი არ ჰქონია. სამხარაძე ითხოვს, ბრიუსელმა დაასახელოს, ვინ მიაჩნია „თვითნებურად დაკავებულად“ და რის საფუძველზე.
ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ანგარიშს „გაბრაზებულ და ობიექტურობას მოკლებულ“ დოკუმენტს უწოდებს, რომელიც „ბრიუსელიდან ხუთმა-ექვსმა ადამიანმა“ დაწერა. ამავე დროს ამბობს, რომ ხელისუფლება ბრიუსელთან დიალოგის აღდგენისთვის მზადაა.
დეპუტატ ნინო წილოსნის თქმით, ანგარიშში შარშანდელი პოლიტიკური გზავნილებია გადმოტანილი. საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა თქვა, რომ ევროკავშირს საჭირო ინფორმაცია მიაწოდეს, მაგრამ დიალოგის გარეშე შეფასებაც რთულია.
ოპოზიცია
პარტია”გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ კობახიძის ბრიუსელის ინტერვიუს „სრული არაკომპეტენტურობის“ დემონსტრირება უწოდა. მისი თქმით, მთავრობას ევროკავშირთან ურთიერთობის აღდგენის კონკრეტული გეგმა არ აქვს. ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს პოლიტიკურ დევნად მიიჩნევს.
იმ პოლიტიკურ საცოდაობას, რაც ჩვენ გუშინ „ევრონიუსთან“ კობახიძის ინტერვიუს დროს ყველამ ვიხილეთ, ერთი მარტივი რეზიუმე აფასებს ყველაზე კარგად, მას ჰკითხეს, საერთოდ რატომ ჩავიდა იქ და რა ესაქმება ევროპულ კავშირთან, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს” საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
ფართო კონტექსტი
ევროკომისიის შეფასებები ემთხვევა სხვა ევროპული ინსტიტუტების ბოლოდროინდელ დასკვნებს.
2025 წლის 16 დეკემბრის დასკვნებში ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობამ „სასამართლოს პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია“, ოპოზიციის ლიდერების დევნა და დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების თვითნებური დაკავება ახსენა.
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ო’ფლაჰერტიმ ივნისის მემორანდუმში აქციებთან დაკავშირებული კანონების გამკაცრება გააკრიტიკა, მათ შორის განმეორებითი დარღვევისთვის ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ქართულმა მხარემ მემორანდუმზე საკუთარი კომენტარები წარადგინა.
8 ოქტომბერს ევროპარლამენტმა 445 ხმით, 37-ის წინააღმდეგ (97-მა თავი შეიკავა) მიიღო რეზოლუცია. ის ოპოზიციის წინააღმდეგ სარჩელის გაწვევას და ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის მიმართ სანქციებს ითხოვს. რეზოლუცია სავალდებულო არ არის.
ხელისუფლებას ამ საკითხებზე საკუთარი არგუმენტები აქვს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ეუთოს მოსკოვის მექანიზმის მომხსენებელს წლის დასაწყისში ეუბნებოდნენ, რომ საბჭო თვითნებურად არასდროს მოქმედებს და მოსახლეობას სასამართლოს მიმართ მაღალი ნდობა აქვს. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ დაკავებულები ძალადობისთვის აგებენ პასუხს და არა პოლიტიკური შეხედულებებისთვის. ხელისუფლება ხშირად ეკონომიკურ მაჩვენებლებსაც იმოწმებს: ევროკომისიის გაზაფხულის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2026 წელს 5,5%-ით გაიზრდება.
რა იქნება შემდეგ
ანგარიში სარეკომენდაციო დოკუმენტია. ევროკომისიის რეკომენდაციებს ახლა ევროკავშირის საბჭო განიხილავს და გაფართოების პროცესის შემდეგ ნაბიჯებზე ის მიიღებს გადაწყვეტილებას. საქართველო კანდიდატის სტატუსს, რომელიც 2023 წლის დეკემბერში მიიღო, ინარჩუნებს.