აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების პროცესში, სავარაუდოდ, ევროპის ქვეყნებიც მიიღებენ მონაწილეობას.

თეთრი სახლის ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ომის დაწყების შემდეგ პირველად ხედავს ორივე მხარის მხრიდან შეთანხმების მიღწევის რეალურ სურვილს.

ტრამპის შეფასებით, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მიზნით მიმდინარე დიპლომატიურ პროცესში მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, იგი საკითხთან დაკავშირებით აქტიურ სატელეფონო კონსულტაციებს მართავს. ამასთან, მომავალი კვირის ორშაბათსა და სამშაბათს დამატებითი შეხვედრებია დაგეგმილი.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ფლორიდაში, მის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში, რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრა გაიმართება, რომელთა განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთთან დაკავშირებული საკითხები იქნება.

ამ ეტაპზე აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რომელი ევროპული სახელმწიფოები ან ოფიციალური პირები ჩაერთვებიან შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების განხილვაში.

ასევე უცნობია, რა ფორმატით გაიმართება დაგეგმილი შეხვედრები და მიიღებენ თუ არა მათში უშუალოდ რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლები მონაწილეობას.

წყარო:

www.rte.ie

www.reuters.com