საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებში მონეტარული ოქროს წილი გაიზარდა. 2026 წლის განმავლობაში სებ-მა დამატებით 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ოქრო შეიძინა, რის შედეგადაც ოქტომბრის მდგომარეობით ოქროს პორტფელის ღირებულებამ 1,365 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, მონეტარული ოქრო ქვეყნის მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 16,6%-ს შეადგენს.

ოქროს დამატებითი შესყიდვები მიმდინარე წლის ივნისსა და ოქტომბერში განხორციელდა. კერძოდ, ივნისში ეროვნულმა ბანკმა 100 მილიონი დოლარის, ოქტომბერში კი 400 მილიონი დოლარის ღირებულების ოქრო შეიძინა.

ამასთან, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია საქართველოს საერთაშორისო რეზერვების მთლიანმა მოცულობამაც. ოქტომბრის მდგომარეობით, რეზერვებმა 8,25 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 47,2%-ით მეტია. სექტემბერთან შედარებით კი მაჩვენებელი 82,6 მილიონი დოლარით გაიზარდა.

ეროვნული ბანკის განმარტებით, მონეტარული ოქროს შესყიდვის მთავარი მიზანი სარეზერვო აქტივების დივერსიფიკაცია და საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე არსებული მერყეობისგან მათი დაცვაა.

სებ-მა მონეტარულ ოქროში ინვესტირება პირველად 2024 წელს დაიწყო. ცენტრალური ბანკის გრძელვადიანი სტრატეგია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და მათი სტრუქტურის დივერსიფიკაციას ითვალისწინებს.

გაუმჯობესებულია რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელიც. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიის მიხედვით, აღნიშნული მაჩვენებელი 130%-ს შეადგენს, რაც 100%-იან საორიენტაციო ზღვარს აღემატება.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში სავალუტო ბაზარზე განხორციელებულმა წმინდა შესყიდვებმა 3,37 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

საერთაშორისო რეზერვების განახლებულ მონაცემებს ეროვნული ბანკი 7 დეკემბერს გამოაქვეყნებს.