აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ამერიკულმა სამხედრო ძალებმა ირანის ტერიტორიაზე შეზღუდული მასშტაბის დარტყმა განახორციელეს. მისი განცხადებით, ოპერაციის სამიზნე ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემა იყო.
ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას სამხედრო მოქმედებას მცირე მასშტაბის ოპერაცია უწოდა და აღნიშნა, რომ ამერიკულმა ძალებმა ირანის საჰაერო თავდაცვის ერთ-ერთი ობიექტი რამდენიმე წუთში გაანადგურეს.
პარალელურად, ირანული მედია ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ჰორმუზის სრუტეში მდებარე კუნძულ ქეშმზე აფეთქებების შესახებ იუწყება.
ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, კუნძულის სუზას რაიონში ორი აფეთქება დაფიქსირდა. სააგენტო Tasnim-ის ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, კუნძულს ორი რაკეტა მოხვდა. შესაძლო ზარალისა და მსხვერპლის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
სამხედრო მოქმედებების მიუხედავად, აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ თეირანთან დიპლომატიური კონტაქტები გრძელდება.
ტრამპის თქმით, ვაშინგტონი ირანულ მხარესთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და შეთანხმების მიღწევის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება. თუმცა, მას შესაძლო შეთანხმების კონკრეტული პირობები არ დაუკონკრეტებია.
ამასთან, კატარი, რომელიც აშშ-სა და ირანს შორის შუამავლის როლს ასრულებს, მხარეებს შორის მოლაპარაკებების გაგრძელებას ადასტურებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დიპლომატიური კონსულტაციების ერთ-ერთი მთავარი საკითხი ირანის ბირთვული პროგრამაა. თეირანი მოლაპარაკებების დაწყებამდე ამერიკული სანქციების შემსუბუქებას, ირანის პორტების ბლოკადის დასრულებასა და სხვა პირობების შესრულებას მოითხოვს.
სამხედრო დაპირისპირების პარალელურად, რეგიონში ვითარება კვლავ დაძაბულია. ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოება და საზღვაო მიმოსვლის აღდგენა შესაძლო შეთანხმების მნიშვნელოვან საკითხებად რჩება.