გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში მიმდინარე წლის ივლისში შექმნილი ორი ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფინანსებისთვის 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ჯამში 29.5 მილიონი ლარია გათვალისწინებული. საუბარია გასტრონომიის ეროვნულ სააგენტოსა და ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგროსერვისების სააგენტოზე.
როგორც „ბიზნესპრესნიუსი“ იუწყება, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის კორექტირებული ვერსიის მიხედვით, ორ სააგენტოში ჯამში 185 ადამიანის დასაქმებაა დაგეგმილი, მათი შრომის ანაზღაურებისთვის კი 7.071 მილიონი ლარია გამოყოფილი.
ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგროსერვისების ადმინისტრირების პროგრამის ბიუჯეტი 22.5 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველ ვერსიასთან შედარებით 10 მილიონი ლარით მეტია.
პროექტის თანახმად, სააგენტოში 120 ადამიანი დასაქმდება, რომელთა შრომის ანაზღაურებისთვის 4.071 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
სააგენტოს ფუნქციებს შორისაა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებებისთვის საინფორმაციო სისტემების, ელექტრონული სერვისებისა და ციფრული პლატფორმების შექმნა, განვითარება და ადმინისტრირება. ასევე, ინფორმაციული უსაფრთხოების, კიბერუსაფრთხოებისა და მონაცემთა დაცვის მექანიზმების დანერგვა.
რაც შეეხება გასტრონომიის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მართვისა და კოორდინაციის პროგრამას, მისი ბიუჯეტი 7 მილიონ ლარამდე გაიზარდა. თავდაპირველი პროექტით ამ მიმართულებისთვის 5.74 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული.
ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, გასტრონომიის ეროვნულ სააგენტოში 65 ადამიანის დასაქმებაა დაგეგმილი, მათი შრომის ანაზღაურებისთვის კი 3 მილიონი ლარია გამოყოფილი.
სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია საქართველოს ეროვნული გასტრონომიული მემკვიდრეობის იდენტიფიცირება, ციფრული აღრიცხვა და პოპულარიზაცია. მათ შორის, ტრადიციული რეცეპტების, პროდუქტების, დამზადების მეთოდებისა და გასტრონომიული პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და შესაბამისი რეესტრის შექმნა.
აღსანიშნავია, რომ ორი სააგენტოს შესაბამისი პროგრამების დაფინანსება ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველ ვერსიასთან შედარებით ჯამში 11.26 მილიონი ლარით გაიზარდა.
2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ამ დროისთვის განხილვის ეტაპზეა. შესაბამისად, საბოლოო დამტკიცებამდე სააგენტოების დაფინანსებისა და საშტატო რიცხოვნობის მაჩვენებლები შესაძლოა შეიცვალოს.
წყარო: bpn