ილონ მასკის კომპანია SpaceX აშშ-ის ორ შტატში, ტეხასსა და არიზონაში, ხელოვნური ინტელექტის გამოთვლითი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 74 მილიარდ დოლარზე მეტის ინვესტირებას გეგმავს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

კომპანიის განცხადებით, საინვესტიციო პროექტი ორი მასშტაბური სუპერკომპიუტერული კომპლექსის განვითარებას ითვალისწინებს. ერთი მათგანი ტეხასში, Starbase-ის ტერიტორიაზე განთავსდება, მეორე კი არიზონის შტატის კოჩისის ოლქში აშენდება.

SpaceX ტეხასის პროექტში 24 მილიარდ დოლარზე მეტის, ხოლო არიზონის კომპლექსში დაახლოებით 50 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.

კომპანია, რომელიც 2026 წლის ივნისში საფონდო ბირჟაზე გავიდა, საქმიანობას ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით აქტიურად აფართოებს. Reuters-ის ცნობით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში SpaceX-ის შემოსავლების ნახევარზე მეტი სწორედ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებაზე მოდიოდა.

ეს მონაცემები მიუთითებს, რომ კომპანიის ბიზნესმოდელში ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, კოსმოსური რაკეტებისა და Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის პარალელურად.

არიზონაში პროექტი 6 500 სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს

SpaceX-ის ინფორმაციით, არიზონაში დაგეგმილი სუპერკომპიუტერული კომპლექსის მშენებლობის ეტაპზე დაახლოებით 5 500 სამუშაო ადგილი შეიქმნება, ხოლო ობიექტის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ მუდმივად 1 000 ადამიანი დასაქმდება.

პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელია კოჩისის ოლქის შესაბამისი ნებართვის მიღება.

კომპანია ადგილობრივ ელექტროენერგეტიკულ კოოპერატივებთან თანამშრომლობს და აცხადებს, რომ პროექტის შედეგად კოოპერატივების წევრებისთვის ელექტროენერგიის გადასახადი შესაძლოა 20%-მდე შემცირდეს.

SpaceX-ის განცხადებით, კომპლექსში გამოყენებული იქნება მშრალი გაგრილების ტექნოლოგია, რომელიც წყლის მოხმარების შემცირებას უზრუნველყოფს. პროექტი სამრეწველო მიზნებისთვის მიწისქვეშა წყლების გამოყენებას არ ითვალისწინებს.

მიუხედავად ამისა, ინიციატივას ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ეწინააღმდეგება.

პროექტის ნებართვის გაცემის წინააღმდეგ მომზადებულ პეტიციას დაახლოებით 2 400 ადამიანი აწერს ხელს. საკითხზე საჯარო მოსმენა დეკემბერშია დაგეგმილი.

ტეხასში სუპერკომპიუტერულ კომპლექსს საკუთარი ელექტროსადგური ექნება

ტეხასის შტატში, Starbase-ის ტერიტორიაზე, SpaceX სუპერკომპიუტერულ ცენტრთან ერთად ბუნებრივ აირზე მომუშავე ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს.

პროექტისთვის დაახლოებით 444 აკრი, ანუ 180 ჰექტარი მიწის ფართობია გათვალისწინებული.

კომპანიის ინფორმაციით, ობიექტი ელექტროენერგიას საკუთარი გენერაციის საშუალებით მიიღებს და საზოგადოებრივ ელექტროქსელზე დამოკიდებული არ იქნება.

SpaceX აცხადებს, რომ ტეხასის პროექტმა უკვე შექმნა 3 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი მშენებლობის მიმართულებით, ხოლო კომპლექსის ამოქმედების შემდეგ 500-ზე მეტი მუდმივი სამუშაო ადგილი იქნება უზრუნველყოფილი.

Starbase-ის საქალაქო კომისია 9 დეკემბერს პროექტისთვის ქონების გადასახადის შეღავათის მინიჭების საკითხს განიხილავს.

SpaceX-ის ახალი საინვესტიციო გეგმები ხელოვნური ინტელექტისთვის საჭირო გამოთვლით სიმძლავრეებზე მზარდ მოთხოვნას უკავშირდება.

წყარო: Reuters