საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) დაზუსტებული მონაცემებით, 2025 წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობამ მიმდინარე ფასებში 108.4 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 16.6%-ით აღემატება.

ამავე პერიოდში საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 8.4% შეადგინა, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი 7.5%-ით გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი საბითუმო და საცალო ვაჭრობაზე მოდის.

კერძოდ, 2025 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში საბითუმო და საცალო ვაჭრობის, ასევე ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტის წილმა 14.9% შეადგინა.

მეორე ადგილზეა დამამუშავებელი მრეწველობა 9.3%-ით, ხოლო მესამე პოზიციას უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები 9.2%-ით იკავებს.

ეკონომიკის სხვა მნიშვნელოვანი სექტორების წილები შემდეგნაირად განაწილდა:

  • მშენებლობა – 8.8%;
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 8.0%;
  • სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა, სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება – 6.6%;
  • ტრანსპორტი და დასაწყობება – 6.2%;
  • განათლება – 5.8%;
  • სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა – 5.7%.

რომელ სექტორებში დაფიქსირდა ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა?

2025 წელს ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ინფორმაცია და კომუნიკაციის სექტორი იყო, სადაც რეალურმა ზრდამ 28.9% შეადგინა.

მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა განათლების სექტორშიც – 16.8%.

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების მოცულობა 15.9%-ით გაიზარდა, ხოლო ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში ზრდამ 10.8% შეადგინა.

საბითუმო და საცალო ვაჭრობის, ასევე ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტის მიმართულებით ეკონომიკური აქტივობა 7.5%-ით გაიზარდა.

ამასთან, ეკონომიკის ცალკეულ დარგებში შემცირებაც დაფიქსირდა.

ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების სექტორში კლება 7.6% იყო, ხოლო სამთომოპოვებით მრეწველობაში – 3.7%.

საქსტატმა ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებლებიც გადაანგარიშა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2024 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგების საფუძველზე 2015–2025 წლების მოსახლეობის რაოდენობისა და ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების გადაანგარიშება განახორციელა.

შესაბამისად, 2015 წლიდან განახლდა ეროვნული ანგარიშების ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებული მაჩვენებლებიც, მათ შორის ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მონაცემები.

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური