ბრიუსელში დღეს, 16 ნოემბერს, ევროკავშირის გაფართოების მეორე ფორუმი გაიმართება, რომელსაც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი უმასპინძლებენ.
ევროკომისიის ინფორმაციით, ღონისძიება სახელწოდებით „უფრო ფართო ევროპა – უფრო ძლიერი ევროპა“ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და გაფართოების პროცესში მონაწილე პარტნიორი ქვეყნების პოლიტიკურ ლიდერებს, სამოქალაქო საზოგადოების, ახალგაზრდობისა და ბიზნესის წარმომადგენლებს გააერთიანებს.
ფორუმს მარტა კოსი გახსნის, რის შემდეგაც მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი.
შეხვედრის მთავარი თემები იქნება ევროკავშირის გაფართოების როლი ევროპის უსაფრთხოების, მშვიდობისა და ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფაში, ასევე კანდიდატი ქვეყნების მიერ განხორციელებული რეფორმები და სამომავლო პრიორიტეტები.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა, ევროკომისრები ვალდის დომბროვსკისი და ანდრიუს კუბილიუსი, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ, უკრაინის პრემიერ-მინისტრი სერგეი კორეცკი, ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამა, მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი მილოიკო სპაიჩი და ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრი ხრისტიან მიცკოსკი.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ ევროკომისიის მიერ ნოემბრის დასაწყისში გამოქვეყნებულ გაფართოების ყოველწლიურ პაკეტს, რომელიც კანდიდატი ქვეყნების მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღწეულ პროგრესს აფასებს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მონტენეგროს, ალბანეთის, მოლდოვისა და უკრაინისთვის განსაზღვრულ საორიენტაციო საგზაო რუკებს, რომლებიც მომდევნო წლის განმავლობაში განსახორციელებელ რეფორმებსა და პრიორიტეტებს მოიცავს.
ფორუმზე ასევე იმსჯელებენ ევროკომისიის დოკუმენტზე „უფრო ფართო ევროპისთვის მზადება“, რომელიც ახალი წევრების მისაღებად ევროკავშირის ინსტიტუციური და პოლიტიკური მზადყოფნის საკითხებს ეხება.
ამასთან, დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაც გაიმართება, რომელსაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი უხელმძღვანელებს.
შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას განიხილავენ.
საბჭოს სხდომის შემდეგ დაგეგმილია დაკავშირებადობისა და უსაფრთხოების საკითხებზე მინისტერიალი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური აზიის, მოლდოვის, თურქეთისა და უკრაინის წარმომადგენლებიც.