აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მოწინავე ნახევარგამტარულ ჩიპებზე ახალი საექსპორტო შეზღუდვები გამოაცხადა, რომლებიც ჩინეთისთვის ამერიკულ ტექნოლოგიებზე წვდომის შეზღუდვას ისახავს მიზნად. ახალი რეგულაციები გავლენას მოახდენს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებსა და ბრაზილიაში მოქმედ მონაცემთა ცენტრებზეც.
ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ვაშინგტონის გადაწყვეტილებით, დამატებითი კონტროლი დაწესდება სინგაპურში, მალაიზიაში, ტაილანდში, ინდონეზიასა და ბრაზილიაში მოქმედ მონაცემთა ცენტრების ოპერატორებზე.
ახალი წესები მხოლოდ მოწინავე ჩიპების ექსპორტს არ შეეხება. მათი მიზანია იმ გამოთვლით რესურსებზე წვდომის კონტროლიც, რომლებსაც ჩინური ტექნოლოგიური კომპანიები საზღვარგარეთ ქირაობენ ხელოვნური ინტელექტის მოდელების შესაქმნელად და გასაწვრთნელად.
რატომ ზღუდავს ვაშინგტონი მონაცემთა ცენტრებზე წვდომას?
ბოლო წლებში აშშ-მა ჩინეთისთვის მოწინავე ნახევარგამტარული ტექნოლოგიების მიწოდებაზე არაერთი შეზღუდვა დააწესა. შედეგად, ჩინურმა კომპანიებმა ალტერნატიული გზების ძიება დაიწყეს, მათ შორის საზღვარგარეთ განთავსებული მონაცემთა ცენტრების გამოთვლითი სიმძლავრეების გამოყენებით.
ახალი რეგულაციების თანახმად, შესაბამის ქვეყნებში მოქმედ კომპანიებს Nvidia-სა და სხვა ამერიკული მწარმოებლების მოწინავე ჩიპების შესაძენად აშშ-ის მთავრობის სპეციალური ნებართვა დასჭირდებათ.
ეს ვაშინგტონს საშუალებას მისცემს, შეამოწმოს, ხომ არ გამოიყენება ამერიკული ტექნოლოგიები ჩინური კომპანიების მომსახურებისთვის ან ხომ არ არსებობს მათი ჩინეთში უკანონოდ გადატანის რისკი.
აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიუროს განცხადებით, სინგაპური, მალაიზია, ტაილანდი, ინდონეზია და ბრაზილია იმ ქვეყნებს მიეკუთვნება, სადაც შეზღუდული ტექნოლოგიების მესამე მხარისთვის გადაცემის რისკი საშუალოზე მაღალია.
უწყების განმარტებით, ახალი წესების მიზანია, თავიდან აიცილოს ამერიკული ტექნოლოგიური შეზღუდვების გვერდის ავლა მესამე ქვეყნებში განთავსებული მონაცემთა ცენტრების დისტანციური გამოყენებით.
შესაძლო გავლენა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ეკონომიკებზე
ბოლო წლებში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია მონაცემთა ცენტრების განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეგიონად ჩამოყალიბდა.
სინგაპურში ახალი მონაცემთა ცენტრების მშენებლობაზე დაწესებული შეზღუდვების შემდეგ ინვესტიციების ნაწილი მეზობელ ქვეყნებში, განსაკუთრებით მალაიზიასა და ტაილანდში გადავიდა.
მალაიზიის ჯოჰორის რეგიონსა და ინდონეზიის კუნძულ ბატამზე მონაცემთა ცენტრების მშენებლობისთვის მილიარდობით დოლარის ინვესტიციები დამტკიცდა.
რეგიონის ქვეყნები უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად შედარებით იაფ მიწას, საგადასახადო შეღავათებსა და სხვა ეკონომიკურ სტიმულებს იყენებდნენ.
მნიშვნელოვან ინვესტორებს შორის ჩინური ტექნოლოგიური კომპანიები Alibaba და Tencent-იც არიან.
თუმცა ახალი ამერიკული რეგულაციები მონაცემთა ცენტრების ოპერატორებისთვის მოწინავე ჩიპების შეძენას გაართულებს.
ავსტრალიის ედით კოუანის უნივერსიტეტის საერთაშორისო ვაჭრობის ექსპერტის, ნაოიზ მაკდონას შეფასებით, ყველაზე მეტად შესაძლოა მალაიზია და ტაილანდი დაზარალდნენ, რადგან ამ ქვეყნებში მონაცემთა ცენტრების განვითარებას მნიშვნელოვანწილად ჩინური მოთხოვნა უწყობდა ხელს.
ამასთან, საკონსულტაციო კომპანია Verisk Maplecroft-ის წარმომადგენელი რიმა ბჰატაჩარია მიიჩნევს, რომ ახალი შეზღუდვები რეგიონში მონაცემთა ცენტრების განვითარებას მთლიანად ვერ შეაჩერებს.
მისი შეფასებით, მსხვილი საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების მიერ დაფინანსებული პროექტები, რომლებსაც გამჭვირვალე ბიზნესმოდელი და მკაფიოდ განსაზღვრული მომხმარებლები ჰყავთ, შედარებით ნაკლებად დაზარალდებიან.
ჩინეთის ტექნოლოგიური დამოკიდებულება
აშშ-ის ახალი შეზღუდვები ჩინეთისთვის დამატებით გამოწვევას ქმნის, რადგან პეკინი ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის საჭირო მოწინავე გამოთვლითი რესურსების ნაწილს საზღვარგარეთ იღებს.
ამერიკული ანალიტიკური ორგანიზაციის Institute for Progress-ის კვლევის თანახმად, 2027 წლისთვის ჩინეთის მოწინავე ხელოვნური ინტელექტის გამოთვლითი სიმძლავრეების სულ მცირე 30% შესაძლოა საზღვარგარეთ დაქირავებული რესურსებიდან ან არალეგალურად შეტანილი ჩიპებიდან მოდიოდეს.
ჩინეთის ხელისუფლება ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის მიღწევას სტრატეგიულ პრიორიტეტად მიიჩნევს, თუმცა მოწინავე ხელოვნური ინტელექტის მოდელების შესაქმნელად ქვეყანას კვლავ სჭირდება მაღალი წარმადობის ნახევარგამტარები.
ჩინური კომპანიები DeepSeek და MoonShot აქტიურად ავითარებენ ხელოვნური ინტელექტის მოდელებს, რომლებიც ამერიკულ სისტემებს კონკურენციას უწევენ.
Institute for Progress-ის შეფასებით, წამყვანი ამერიკული ხელოვნური ინტელექტის მოდელების ტექნოლოგიური უპირატესობა საუკეთესო ჩინურ სისტემებთან შედარებით დაახლოებით ექვსნახევარ თვეს შეადგენს.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ჩინურმა კომპანიებმა ამ შედეგს მიაღწიეს მიუხედავად იმისა, რომ ამერიკულ კონკურენტებს გაცილებით მეტი გამოთვლითი რესურსი და ფინანსური შესაძლებლობა აქვთ.
ჩინეთის რეაქცია და აშშ-ის სტრატეგიული დილემა
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვაშინგტონის ახალი გადაწყვეტილება „ეკონომიკურ იძულებად“ შეაფასა.
პეკინის განცხადებით, ჩინეთი საკუთარი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად აუცილებელ ზომებს მიიღებს.
ექსპერტების შეფასებით, ახალი რეგულაციები ჩინურ კომპანიებს მოწინავე ამერიკულ გამოთვლით რესურსებზე წვდომის ერთ-ერთ პრაქტიკულ გზას უზღუდავს.
თუმცა არსებობს საპირისპირო ეფექტის შესაძლებლობაც – შეზღუდვებმა შესაძლოა ჩინური ნახევარგამტარული ინდუსტრიის განვითარება და ადგილობრივი ტექნოლოგიების შექმნა დააჩქაროს.
საერთაშორისო ვაჭრობის ექსპერტი ნაოიზ მაკდონა აღნიშნავს, რომ ვაშინგტონი სტრატეგიული არჩევანის წინაშე დგას: გააგრძელოს ჩინეთისთვის ტექნოლოგიების მიწოდება და ამით შეინარჩუნოს მისი დამოკიდებულება ამერიკულ პროდუქციაზე, თუ შეზღუდოს წვდომა და ამ გზით ხელი შეუწყოს ჩინეთის შიდა ტექნოლოგიური შესაძლებლობების განვითარებას.