პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხზე მიმდინარე განხილვებს ეხმაურება და პროცესს პოლიტიკური ანგარიშსწორების მცდელობად აფასებს.
ამის შესახებ გახარია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს.
მისი შეფასებით, სასამართლო სხდომების მიმდინარეობამ და მოსამართლეების მიერ დასმულმა შეკითხვებმა პროცესის პოლიტიკური ხასიათი გამოავლინა.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით მიმდინარე მოსმენებმა ამ პროცესის ნამდვილი ბუნება გამოააშკარავა . ეს არის არა კონსტიტუციური მართლმსაჯულება, არამედ ოპონენტების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური ანგარიშსწორებაა“, – აცხადებს გიორგი გახარია.
მისივე ინფორმაციით, წინა დღეს სასამართლოს წინაშე წარდგა პარტიის აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა, რომელმაც მოსამართლეების შეკითხვებს უპასუხა.
გახარიას შეფასებით, სასამართლოს მიერ დასმული შეკითხვები საქმის სამართლებრივ გარემოებებთან შესაბამისობაში არ იყო და პოლიტიკური შეფასებების ფორმას ატარებდა.
„ამ კითხვების არარელევანტურობა და მათი პოლიტიკური შეფასებების სახით ფორმულირება ნათლად ააშკარავებს ამ პროცესის ნამდვილ არსს”, – წერს გახარია.
პარტიის ლიდერის მტკიცებით, ბერდია სიჭინავამ სასამართლოში საკუთარი პოზიციის წარდგენით საზოგადოებას დაანახა მიმდინარე განხილვის უსაფუძვლობა და მისი პოლიტიკური მიზნები.
გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხზე მიმდინარე სასამართლო პროცესი კონსტიტუციური მართლმსაჯულების მიზნებს არ ემსახურება.