საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნით წარდგენილი სარჩელის განხილვა განახლდა. მორიგ სხდომაზე სასამართლო პროცესი ახალ საპროცესო ეტაპზე გადავიდა – მოსამართლეთა შეკითხვების დასრულების შემდეგ მხარეებმა ერთმანეთისთვის კითხვების დასმა დაიწყეს.
განხილვის ფარგლებში მოსარჩელე მხარემ, რომელსაც პარლამენტის 88 დეპუტატი წარმოადგენს, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეკითხვები დაუსვა 2023-2025 წლებში განვითარებულ საპროტესტო მოვლენებთან, პოლიტიკური ძალადობის შეფასებასთან, დაკავებული პირების მიმართ დამოკიდებულებასა და სახელმწიფო ინსტიტუტების ლეგიტიმურობის აღიარებასთან დაკავშირებით.
სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ საჯარო განცხადებებს, რომლებიც სხვადასხვა პერიოდში ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა საპროტესტო აქციებისა და დაკავებული აქტივისტების შესახებ გააკეთეს. მოსარჩელის შეფასებით, აღნიშნული განცხადებები სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტების ნაწილს წარმოადგენს, ხოლო მოპასუხე მხარეები მათ განსხვავებულ სამართლებრივ და პოლიტიკურ ინტერპრეტაციას სთავაზობენ.
მოსარჩელე მხარემ ოპოზიციური პარტიების ლიდერების განცხადებები წარმოადგინა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ სასამართლოს გააცნო ოპოზიციური პარტიების ლიდერების საჯარო განცხადებები, რომლებიც 2023 წლის მარტის, 2024 წლის გაზაფხულისა და შემოდგომის საპროტესტო აქციებს, ასევე 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენებს უკავშირდებოდა.
გორდულაძის განმარტებით, წარმოდგენილი მასალები, მისი შეფასებით, ასახავს ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების დამოკიდებულებას იმ საპროტესტო პროცესების მიმართ, რომელთა მიმდინარეობისას ძალადობრივი ინციდენტებიც დაფიქსირდა.
მოსარჩელე მხარემ ყურადღება გაამახვილა „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და სალომე სამადაშვილის განცხადებებზე, რომლებიც ლაზარე გრიგორიადისის დაკავებას, მის მიმართ გამოტანილ განაჩენსა და შემდგომ შეწყალებას შეეხებოდა.
გორდულაძემ გაიხსენა მამუკა ხაზარაძის 2024 წლის აპრილის განცხადება, რომელშიც „ლელოს“ ლიდერი გრიგორიადისის მიმართ გამოტანილ განაჩენს პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებდა და ახალგაზრდებს მობილიზაციისკენ მოუწოდებდა.
ასევე წარმოდგენილი იყო ბადრი ჯაფარიძისა და სალომე სამადაშვილის განცხადებები, რომლებშიც ისინი გრიგორიადისის მიმართ მიმდინარე სამართლებრივ პროცესს აკრიტიკებდნენ და მის მხარდასაჭერად საჯარო პოზიციებს აფიქსირებდნენ.
მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა აღნიშნული განცხადებები საპროტესტო მოვლენების მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერის კონტექსტში განიხილა.
სასამართლოზე ასევე გაჟღერდა „ფედერალისტური პარტიის“ ლიდერების, თამარ ჩერგოლეიშვილისა და გიგა ბოკერიას განცხადებები. ისინი გრიგორიადისის დაკავებას შერჩევითი მართლმსაჯულების გამოვლინებად აფასებდნენ და ხელისუფლებას პოლიტიკური მოტივებით მოქმედებაში ადანაშაულებდნენ.
გორდულაძემ სასამართლოს გააცნო „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერების, ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას განცხადებებიც. კერძოდ, ყურადღება გამახვილდა იმ შემთხვევებზე, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები საპროტესტო აქციებთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებზე მსჯავრდებულ ან დაკავებულ პირებს პოლიტიკურ პატიმრებად მოიხსენიებდნენ.
2024 წლის საპროტესტო აქციები და ოპოზიციის პოლიტიკური პასუხისმგებლობა
სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ნაწილი 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში განვითარებულ მოვლენებს დაეთმო.
არჩილ გორდულაძემ წარმოადგინა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების, მიხეილ სააკაშვილის, ლევან ხაბეიშვილისა და თინა ბოკუჩავას განცხადებები, რომლებიც საპროტესტო აქციების გაგრძელებას, წინააღმდეგობის ფორმებსა და დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნას შეეხებოდა.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ლევან ხაბეიშვილის 2024 წლის 29 ნოემბრის განცხადებაზე, რომელშიც ის აქციის მონაწილეებს წინააღმდეგობის გაგრძელებისკენ მოუწოდებდა.
მოსარჩელე მხარემ ასევე განიხილა მამუკა ხაზარაძის განცხადებები, რომლებშიც „ლელოს“ ლიდერი ხელისუფლების წინააღმდეგ სახალხო დაუმორჩილებლობის აუცილებლობაზე საუბრობდა.
სასამართლოზე წარმოდგენილი იყო „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლების — ელენე ხოშტარიას, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიასა და ზურაბ ჯაფარიძის განცხადებებიც.
გორდულაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ელენე ხოშტარიას 2024 წლის 4 დეკემბრის განცხადებაზე, რომელშიც ის საპროტესტო აქციების ორგანიზებაში საკუთარ მონაწილეობასა და პასუხისმგებლობაზე საუბრობდა.
ამავე კონტექსტში მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა გიორგი გახარიასა და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ სხვა წარმომადგენლების განცხადებები, რომლებშიც ისინი საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ ძალის გამოყენებას აკრიტიკებდნენ და დაკავებული პირების მხარდაჭერას გამოხატავდნენ.
მოსარჩელე მხარის შეფასებით, წარმოდგენილი განცხადებები უნდა განიხილებოდეს საპროტესტო პროცესების საერთო კონტექსტში. ამასთან, აღნიშნული განცხადებების სამართლებრივი მნიშვნელობა და მათი შესაძლო კავშირი პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურ საქმიანობასთან სასამართლოს შეფასების საგანია.
სასამართლოზე 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეებიც განიხილეს
არჩილ გორდულაძემ სასამართლოს 2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების შედეგებიც გააცნო.
მის მიერ წარმოდგენილი მონაცემების თანახმად, აღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებულ ხუთ ძირითად საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი 64 პირის მიმართ დადგა.
გორდულაძის განცხადებით, საქმეები შეეხებოდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას, ასევე საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი ჯგუფური მოქმედებების ორგანიზებას.
მისივე ინფორმაციით, 48 პირთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, მათ შორის ნაწილი პირველი ინსტანციის, ნაწილი კი სააპელაციო განხილვის ეტაპზე.
მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ წარმოდგენილ საჯარო განცხადებებს თან ერთვის საპროტესტო მოვლენების ამსახველი ვიდეომასალაც, მათ შორის პოლიციელებზე თავდასხმის, დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და პრეზიდენტის სასახლეში შეღწევის მცდელობის კადრები.
გორდულაძის განმარტებით, სასამართლოზე განხილული მასალები მხოლოდ ნაწილია იმ გარემოებებისა, რომლებსაც მოსარჩელე მხარე საკუთარი მოთხოვნის დასასაბუთებლად ასახელებს.
ხელისუფლების ლეგიტიმურობის საკითხმა სასამართლოში დაპირისპირება გამოიწვია
მხარეთა შორის კითხვა-პასუხის ეტაპზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების ლეგიტიმურობის აღიარება გახდა.
მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა თორნიკე ჭეიშვილმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ჰკითხა, აღიარებდნენ თუ არა, რომ საქართველოს ჰყავს დემოკრატიული არჩევნების გზით არჩეული პარლამენტი, კონსტიტუციური პროცედურების დაცვით ფორმირებული მთავრობა, საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოები, ასევე სხვა კონსტიტუციური ორგანოები.
შეკითხვას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ზაზა ბიბილაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც მისი ფორმულირება პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასა.
ბიბილაშვილის განცხადებით, სახელმწიფო ინსტიტუტების ლეგიტიმურობის პოლიტიკური შეფასება და პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს.
მისი შეფასებით, შეკითხვა მოპასუხე მხარეს ისეთი არჩევანის წინაშე აყენებდა, როდესაც ნებისმიერი პასუხი შესაძლებელი იქნებოდა პოლიტიკური ინტერპრეტაციის საგანი გამხდარიყო.
„ეს კითხვა პოლიტიკურია და პოლიტიკური დისკუსიის საგანს წარმოადგენს“, – განაცხადა ბიბილაშვილმა.
აღნიშნულ განმარტებას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაია გამოეხმაურა და ბიბილაშვილს მოუწოდა, პასუხი უშუალოდ დასმულ შეკითხვაზე გაეცა და საკითხი პოლიტიკურ დისკუსიაში არ გადაეტანა.
ბიბილაშვილმა სასამართლოს თავმჯდომარის შენიშვნა მიკერძოებულ შეფასებად მიიჩნია, რასაც მათ შორის დამატებითი სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
საბოლოოდ, ნადარაიამ განმარტა, რომ სასამართლომ მოპასუხე მხარის პასუხი მიიღო, თუმცა მისგან შესაბამისი დასკვნების გამოტანა სასამართლოს უფლებამოსილებას წარმოადგენს.
ძალადობის დაგმობის საკითხი – ნიკა გვარამიას განმარტებები
სხდომაზე მოსარჩელე მხარემ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს დაუსვა შეკითხვა, ემიჯნებოდნენ და გმობდნენ თუ არა 2023-2025 წლებში განვითარებულ საპროტესტო მოვლენებთან დაკავშირებულ ძალადობრივ ქმედებებს.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მისი პოლიტიკური გაერთიანება ნებისმიერი ფორმის ძალადობას ემიჯნება, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მხარისგან მომდინარეობს იგი.
ამასთან, გვარამიამ უარყო კოალიციის მონაწილეობა ძალადობრივ მოქმედებებში.
„ჩვენს კოალიციას არანაირ ძალადობაში არ მიუღია მონაწილეობა“, – განაცხადა მან.
მისი განმარტებით, პოლიტიკური გაერთიანება ვერ აიღებს პასუხისმგებლობას იმ ქმედებებზე, რომლებშიც მონაწილეობა არ მიუღია.
გვარამიამ ასევე ისაუბრა საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალის გამოყენების შემთხვევებზე და განაცხადა, რომ ძალადობის შეფასება ყველა მხარის მიმართ ერთიანი სტანდარტით უნდა განხორციელდეს.
მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა გიორგი კახიანმა გვარამიას პასუხის დაზუსტება მოსთხოვა და აღნიშნა, რომ გარკვეულ გარემოებებში ძალადობრივი ქმედებებისგან გამიჯვნის არარსებობაც შეიძლება მათი მხარდაჭერის კონტექსტში შეფასდეს.
საპასუხოდ გვარამიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი პოლიტიკური გაერთიანება ძალადობის ნებისმიერ ფორმას გმობს.
ზაზა ბიბილაშვილსა და სასამართლოს თავმჯდომარეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება
ძალადობრივი მოვლენების შეფასების საკითხზე შეკითხვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ ზაზა ბიბილაშვილსაც დაუსვეს.
ბიბილაშვილმა პასუხისას ყურადღება გაამახვილა იმ პოლიტიკურ და საკანონმდებლო გადაწყვეტილებებზე, რომლებიც, მისი შეფასებით, 2023 და 2024 წლებში საპროტესტო მოძრაობების წარმოშობის მიზეზი გახდა.
კერძოდ, მან ისაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე, ხელისუფლების წარმომადგენლების საჯარო განცხადებებსა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე.
ბიბილაშვილის განცხადებით, საპროტესტო მოვლენების შეფასებისას აუცილებელია იმ გარემოებების გათვალისწინებაც, რომლებმაც საზოგადოებრივი უკმაყოფილება გამოიწვია.
მისი განმარტებების მიმდინარეობისას სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ განაცხადა, რომ მოპასუხე მხარის წარმომადგენელი უშუალოდ დასმულ შეკითხვას სცდებოდა და სასამართლო განხილვას პოლიტიკური შეფასებების მიმართულებით წარმართავდა.
ნადარაიამ ბიბილაშვილს კორექტულობის დაცვისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ პროცესის მიმდინარეობისთვის ხელის შეშლის შემთხვევაში შესაძლოა სხდომათა დარბაზი დაეტოვებინებინა.
„თუ ემიჯნებით, ემიჯნებით, თუ მიგაჩნიათ, რომ არაფერია გასამიჯნი, ბრძანეთ, რომ არაფერი გასამიჯნი არ იყო“, – მიმართა სასამართლოს თავმჯდომარემ ბიბილაშვილს.
თავის მხრივ, ბიბილაშვილმა განაცხადა, რომ პროცესის ჩაშლას არ ცდილობდა და დასმულ შეკითხვაზე სრულყოფილი პასუხის გაცემა სურდა.
სასამართლო განხილვის პარალელურად მხარეების პოლიტიკური შეფასებები
სასამართლო პროცესის პარალელურად მიმდინარე განხილვას ოპოზიციური პარტიებისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ სასამართლო პროცესი პოლიტიკური ანგარიშსწორების მცდელობად შეაფასა. მისი განცხადებით, მოსამართლეების მიერ დასმული შეკითხვები პოლიტიკური შინაარსისაა და პარტიების აკრძალვის სამართლებრივ საფუძვლებთან პირდაპირ კავშირს არ ავლენს.
ამავე პარტიის წარმომადგენელმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რომ სარჩელში წარმოდგენილი არგუმენტები, განსაკუთრებით მისი პოლიტიკური გაერთიანების მიმართ, საკმარის სამართლებრივ დასაბუთებას არ შეიცავს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ლევან ბეჟაშვილმა ყურადღება გაამახვილა მტკიცებულებების გამოკვლევის მნიშვნელობაზე. მისი შეფასებით, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები არ ადასტურებს პოლიტიკური პარტიების მხრიდან ისეთ კანონდარღვევებს, რომლებიც მათი საქმიანობის აკრძალვის საფუძველი შეიძლება გახდეს.
ცალკე დაპირისპირების საგანი გახდა „დროასა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ოფისებში 2024 წლის დეკემბერში ჩატარებული ჩხრეკების შესახებ პროკურატურის განცხადება.
პროკურატურის ინფორმაციით, ჩხრეკის შედეგად ამოღებული იყო ბენზინით სავსე ბიდონები და სხვა ნივთები, რომლებიც, უწყების შეფასებით, შესაძლოა „მოლოტოვის კოქტეილის“ დასამზადებლად ყოფილიყო განკუთვნილი.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლებმა აღნიშნული ინტერპრეტაცია უარყვეს. ნიკა გვარამიამ და გიგა ლემონჯავამ განაცხადეს, რომ ამოღებული საწვავი საპროტესტო აქციებზე გამოყენებული გენერატორებისთვის იყო განკუთვნილი. მათი შეფასებით, პროკურატურის განცხადება პარტიის აკრძალვის საქმისთვის დამატებითი არგუმენტების შექმნის მცდელობას წარმოადგენს.
სასამართლოში მიმდინარე განხილვის ფონზე პოლიტიკური უთანხმოება გაგრძელდა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსა და „ლელოს“ წარმომადგენლებს შორისაც.
პაპუაშვილმა პარტია 2022 წელს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისა და უკრაინაში ქართველი მოხალისეების გაგზავნის საკითხებზე გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით გააკრიტიკა. მისი მტკიცებით, „ლელოს“ მაშინდელი წარმომადგენლები აღნიშნულ მოთხოვნებს მხარს უჭერდნენ.
თავის მხრივ, „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ პაპუაშვილის ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ პარტიას უკრაინაში ქართველი მებრძოლების გასაგზავნად სპეციალური რეისის დანიშვნა არ მოუთხოვია. კუპრაძემ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები სასამართლოზე პოლიტიკური ზეწოლის მცდელობად შეაფასა.
საქმის სამართლებრივი საფუძველი და შემდგომი განხილვა
საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო.
საქმეს შვიდი მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი იხილავს.
სარჩელს პარლამენტის 88 დეპუტატი აწერს ხელს და იგი შეეხება შემდეგ პოლიტიკურ გაერთიანებებს: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია საქართველოსთვის“.
სარჩელს თან ერთვის XI მოწვევის პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა, რომელსაც მოსარჩელე მხარე საკუთარი მოთხოვნის ერთ-ერთ საფუძვლად იყენებს.