ევროპის საფონდო ბაზრებზე აქციების ფასები გაიზარდა. დადებით დინამიკას საბანკო და ტექნოლოგიური სექტორების აღდგენა, ასევე აშშ-ის ახალი სავაჭრო ტარიფების მიმართ ინვესტორების შეშფოთების შემცირება განაპირობებს.
Reuters-ის ინფორმაციით, 26 ნოემბერს, გრინვიჩის დროით 08:15 საათისთვის, საერთოევროპული საფონდო ინდექსი STOXX 600 1.4%-ით გაიზარდა და 634.94 პუნქტს მიაღწია. დადებითი დინამიკა დაფიქსირდა ევროპის რეგიონული საფონდო ინდექსების უმეტესობაზეც.
ბაზრის ზრდაში ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი საბანკო სექტორმა შეიტანა. კერძოდ, Deutsche Bank-ის აქციების ღირებულება 3%-ით, ხოლო Standard Chartered-ის აქციების ფასი 2.5%-ით გაიზარდა.
ტექნოლოგიური სექტორის აქციები თითქმის 2%-ით გაძვირდა. ზრდის მაჩვენებლით ლიდერებს შორის იყვნენ Soitec და Infineon Technologies, რომელთა აქციების ღირებულებაც დაახლოებით 4%-ით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ წინა სავაჭრო სესიაზე სწორედ საბანკო და ტექნოლოგიური სექტორები გამოირჩეოდნენ აქციების ფასების მკვეთრი შემცირებით, რის შედეგადაც STOXX 600-ის ინდექსი 1%-ზე მეტით დაეცა.
ინვესტორების შეშფოთებას აშშ-ში ინფლაციის ზრდა, მაღალი საპროცენტო განაკვეთების პერსპექტივა, სავაჭრო პოლიტიკასთან დაკავშირებული გაურკვევლობა და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ეკონომიკური ზრდის მოლოდინები განაპირობებდა.
თუმცა ხუთშაბათს ბაზარზე განწყობა გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც გაჩნდა მოლოდინი, რომ აშშ-ის მიერ ინიცირებული ახალი სავაჭრო ტარიფები მოსალოდნელზე ნაკლებად მკაცრი იქნება. კერძოდ, ევროკავშირიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე ტარიფის ზედა ზღვარი, სავარაუდოდ, გასულ წელს მხარეებს შორის შეთანხმებულ 15%-იან დონეზე შენარჩუნდება.
ცალკეულ კომპანიებს შორის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ბრიტანული თავდაცვითი კომპანია Babcock-ის შემთხვევაში, რომლის აქციებიც 5.8%-ით გაძვირდა. ფასის მატება დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან გაფორმებულ მრავალმილიარდიან კონტრაქტს უკავშირდება, რომელიც ბირთვული წყალქვეშა ნავების ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას ითვალისწინებს.