ღაზის სექტორში ისრაელის დარტყმის შედეგად საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის „ექიმები საზღვრებს გარეშე“ (MSF) ორი თანამშრომელი დაიღუპა.

BBC-ის ცნობით, ორგანიზაცია აცხადებს, რომ დარტყმა უშუალოდ მის ერთ-ერთ კლინიკაზე განხორციელდა, რომლის ადგილმდებარეობაც ისრაელის სამხედროებისთვის ცნობილი იყო.

ისრაელის თავდაცვის ძალებში კი აცხადებენ, რომ დაღუპულები „ჰამასის“ სამხედრო ფრთის წევრები იყვნენ და კლინიკაში დაცვის თანამშრომლებად მუშაობდნენ. ისრაელის სამხედროების მტკიცებით, დარტყმის სამიზნე სამედიცინო დაწესებულება არ ყოფილა და სამედიცინო ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა.

„ექიმები საზღვრებს გარეშე“ აცხადებს, რომ დაღუპულები კლინიკის დაცვის თანამშრომლები იყვნენ. ორგანიზაციის ინფორმაციით, მათი დაღუპვით ღაზაში ომის დაწყების შემდეგ დაღუპული თანამშრომლების რაოდენობა 17-მდე გაიზარდა.

„ჩვენი შენობები მკაფიოდ იყო მონიშნული ორგანიზაციის ლოგოებით. მათი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია ისრაელის სამხედროებს წინასწარ ჰქონდათ მიწოდებული“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

მომხდარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეიესუსიც გამოეხმაურა. მან ღაზაში სამედიცინო დაწესებულებებსა და ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებზე თავდასხმებს აღმაშფოთებელი და მიუღებელი უწოდა.

„ადამიანები, რომლებიც სხვების გადასარჩენად საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ, დაცული უნდა იყვნენ და არა თავდასხმის სამიზნეები“, – დაწერა გებრეიესუსმა სოციალურ ქსელ X-ში.

თავის მხრივ, ისრაელის თავდაცვის ძალები ამტკიცებენ, რომ დაღუპული პირები ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედროების წინააღმდეგ თავდასხმებს გეგმავდნენ. სამხედრო უწყების განცხადებით, დარტყმამდე მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენების რისკის შესამცირებლად შესაბამისი ზომები მიიღეს.

ჰუმანიტარული ვითარება ღაზის სექტორში

ღაზის სექტორში ძალადობა გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ 2025 წლის ოქტომბერში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის აშშ-ის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაფორმდა.

BBC-ის ინფორმაციით, ისრაელის დარტყმები თითქმის ყოველდღიურად ხორციელდება „ჰამასის“ კონტროლქვეშ მყოფ ტერიტორიებზე, სადაც დაახლოებით 2,1 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მათი უმრავლესობა იძულებით გადაადგილებული პირია.

რეგიონში კვლავ მძიმეა ჰუმანიტარული ვითარებაც. ნოემბერში ძლიერმა წვიმებმა წყალდიდობა გამოიწვია და იძულებით გადაადგილებული ოჯახების ათიათასობით თავშესაფარი დააზიანა.

გაერო და მისი პარტნიორი ორგანიზაციები ისრაელს მოუწოდებენ, ღაზის სექტორში დამატებითი ჰუმანიტარული ტვირთების შეტანა დაუშვას. მათ შორისაა კარვები, გამათბობლები, წყლის ტუმბოები, ვაქცინები და ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად საჭირო მედიკამენტები.