აშშ-ის სამხედროებმა ნოემბრის დასაწყისში დიდ ბრიტანეთში, ლეიკენჰითის სამხედრო ავიაბაზასთან ექვსი უპილოტო საფრენი აპარატის მოგერიება შეძლეს. ინფორმაციას Reuters-ი გამოცემა Financial Times-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, არსებობს ეჭვი, რომ ინციდენტი შესაძლოა ირანს უკავშირდებოდეს.

Financial Times-ი საკითხთან დაკავშირებულ ინფორმირებულ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკელმა სამხედროებმა უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ სპეციალური ტექნოლოგია გამოიყენეს, თუმცა დრონების მოპოვება ვერც ბრიტანელმა და ვერც ამერიკელმა სამხედროებმა შეძლეს.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა Reuters-ს განუცხადა, რომ 13 ნოემბერს სამხედრო უწყების პოლიცია და საფოლკის პოლიცია აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობით გამოეხმაურნენ ავიაბაზასთან დრონების უნებართვო გადაადგილების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

უწყების განცხადებით, ვითარება სწრაფად განიმუხტა და ავიაბაზა უსაფრთხოების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა.

აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების წარმომადგენელმა ინციდენტის შემდეგ განაცხადა, რომ სამხედრო პერსონალი, თვითმფრინავები და ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა.

თეთრ სახლსა და პენტაგონს Financial Times-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

უსაფრთხოების გამოწვევები ბრიტანეთის სამხედრო ავიაბაზებზე

მსგავსი ინციდენტი სექტემბერშიც დაფიქსირდა ფერფორდის სამხედრო ავიაბაზაზე, რომელსაც ასევე აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები იყენებენ.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ოქტომბერში განაცხადა, რომ ირანთან დაკავშირებული საფრთხის გამო აღნიშნული ავიაბაზიდან ამერიკული B-1 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენები გაიყვანეს.

თეირანი ფერფორდის ინციდენტთან კავშირსა და დიდ ბრიტანეთში დესტაბილიზაციისკენ მიმართული სხვა საქმიანობის შესახებ ბრალდებებს უარყოფს.

ბრიტანეთის ხელისუფლება ირანს წლების განმავლობაში ადანაშაულებს დისიდენტების, ასევე ისრაელთან და ებრაულ თემთან დაკავშირებული პირებისა და ობიექტების წინააღმდეგ თავდასხმების დაგეგმვაში.

ლეიკენჰითის ავიაბაზასთან მომხდარ ინციდენტში ირანის შესაძლო მონაწილეობა ოფიციალურად დადასტურებული არ არის.