ამბავი მოკლედ:

  • პარასკევს თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა.
  • შეხვედრამდე ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი მზად იყო აშშ-სთვის „Tomahawk“-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების სანაცვლოდ  უკრაინული დრონები გადაეცა.
  • ჟურნალისტებმა დონალდ ტრამპს რამდენჯერმე ჰკითხეს უკრაინისთვის „Tomahawk“-ის მიწოდების შესაძლებლობის შესახებ, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა ამ კითხვას არ უპასუხა.
  • შეხვედრის შემდეგ ტრამპმა სოციალურ ქსელ ‘’Truth Social’’-ზე დაწერა, რომ მან ორივე მხარეს   თავის გამარჯვებულად გამოცხადება შესთავაზა. „დაე, გაჩერდნენ იქ, სადაც არიან. ორივემ გამოაცხადოს გამარჯვება –  ისტორია განსჯის!“ – დაწერა მან.
  • ხუთშაბათს ტრამპი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. ისინი შეთანხმდნენ  შეხვედრაზე ბუდაპეშტში.

 

თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკის მესამე შეხვედრა დონალდ ტრამპთან  არც დიპლომატიური გარღვევა აღმოჩნდა და არც აშშ-ის მიერ უკრაინის მხარდაჭერის რევოლუციური შედეგები გამოუღია.

მხარეებს შორის შეხვედრამ უფრო მეტი კითხვა დატოვა, ვიდრე პასუხი იმის შესახებ, თუ როდის და რა პირობებში შეიძლება დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი.

ვიზიტის შედეგად უკრაინას არ მიუღია სასურველი „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტები. ამ შესაძლებლობაზე კი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აქტიურად წერდა საერთაშორისო პრესა. ომში ჩართულ ქვეყანას  არც უსაფრთხოების გარანტიები მიუღია, რომლებზეც კიევი ვაშინგტონთან მოლაპარაკებებს რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდა.

ცნობილია, რომ შეხვედრაზე უკრაინულმა მხარემ რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურის „მტკივნეული წერტილების“ რამდენიმე რუკა წარადგინა, რომლებზე შეთანხმებასაც ქვეყნის უმაღლესი პირი იმ პირობით აპირებდა, რომ მათ შორი მოქმედების იარაღით უზრუნველყოფდნენ.

თუმცა, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულებისთანავე, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ ‘’Truth Social’’-ზე გამოაქვეყნა მოწოდება კიევისა და მოსკოვის მიმართ, შეწყვიტონ ბრძოლა ამჟამინდელი შეხების ხაზის გასწვრივ.

მიმდინრე პროცესების ფონზე, პროგრესი, რომელსაც უკრაინამ, დიპლომატიური ძალისხმევის გზით მიაღწია შეერთებულ შტატებთან, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში   თითქმის შეუმჩნეველი გახდა.

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გარშემო მოვლენების განვითარების წარმატებით შთაგონებული ტრამპი კი, როგორც ჩანს, მოუთმენლად ელის რუსეთსა და უკრაინას შორის ომის რაც შეიძლება სწრაფად და ნებისმიერ ფასად დასრულებას. თუმცა, დონალდ ტრამპის სურვილი, რაც შეიძლება სწრაფად წარმართოს მოლაპარაკებების პროცესი, გარდაუვლად ეჩეხება  ომის ცივ რეალობას, რომელშიც რუსეთი ჯერ კიდევ არ არის მზად უარი თქვას უკრაინის განიარაღების იდეაზე. უკრაინას კი  არ შეუძლია ნებაყოფლობით დათანხმდეს ფაქტობრივ კაპიტულაციას.

არსებული შედეგებით, თეთრ სახლში განვითარებული მოვლენების უახლესი ეპიზოდი, მხოლოდ ეტაპია რუსეთსა და უკრაინას შორის ომის ცხელი ფაზის დასასრულებლად, ან სულ მცირე გასაყინად, რომელიც შეიძლება გაცილებით დიდხანს გაგრძელდეს, ვიდრე ტრამპს სურს.  ამ პროცესში, ‘’ტომაჰავკები’’ კი უფრო დიპლომატიური ინსტრუმენტია – ულტიმატუმის გარკვეული ფორმა, რომლის გამოყენებაც დონალდ ტრამპის ამერიკამ რუსეთთან ურთიერთობებში ახლახან დაიწყო.

როგორც ირკვევა, ეს ულტიმატუმი მუშაობს. სწორედ უკრაინისთვის ამერიკული „ტომაჰავკის“ ტიპის შორი მოქმედების რაკეტების მიწოდების შესაძლებლობის შესახებ ნარატივმა აიძულა ვლადიმერ პუტინი რამდენიმე დღის წინ ტრამპისთვის დაერეკა. მას შემდეგ, რაც აშშ-სა და რუსეთის ლიდერებს შორის ორთვიანი პირდაპირი კომუნიკაცია არ შემდგარა. 

მხარეები ახლა უნგრეთის დედაქალაქში დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის ორმხრივი შეხვედრისთვის ემზადებიან. თუმცა, არ არსებობს გარანტია, რომ ბუდაპეშტი არ გაიმეორებს ალასკის შეხვედრის სცენარს.

„ტომაჰავკები“ ერთადერთი საკითხი არ იყო, რასაც უკრაინის ხელმძღვანელობა ვაშინგტონში განიხილავდა. ტრამპთან შეხვედრამდე უკრაინის დელეგაცია ამერიკული ენერგეტიკული და თავდაცვის კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. მიზანი – მოახლოებული რთული ზამთრის პერიოდში უკრაინამ მიიღოს  დახმარება  და აღმოიფხვრას ხარვეზები ჯარებისთვის გარკვეული ტიპის იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდების პროცესში.

ამავდროულად გასათვალისწინებელია, რომ  ბაიდენის ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ტრამპს ჯერ ღიად არ გაუკრიტიკებია უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების გამო. პიტ ჰეგსეთმა კი, თავისი წინამორბედის, ლოიდ ოსტინისგან განსხვავებით, რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები სამოქალაქო ინფრასტრუქტურად არ მოიხსენია, რომლებიც სამიზნედ არ უნდა იქნეს გამოყენებული. რამშტაინის ფორმატის შეხვედრაზე  კი გაისმა მოწოდება ევროპელი ლიდერების მისამართით გაზარდონ ამერიკული იარაღის შესყიდვები უკრაინისთვის, რათა მოკლე ვადაში დასრულდეს ომი.

17 ოქტომბერს ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტების ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრის შემდეგ, მხოლოდ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინის მიერ განხორციელებული დარტყმების ზრდა და უკრაინის დაბომბვის გაგრძელებაა მოსალოდნელი.

„ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტები კი დონალდ ტრამპის არსენალის მთავარ იარაღად რჩება, რაც მას სამშვიდობო მოლაპარაკებების დაჩქარებაზე გავლენის მოხდენის საშუალებას მისცემს. თუმცა თუ ‘’ტომაჰავკების’’ საკითხს ისეთივე გავლენა ექნება  მხარეებს შორის მოლეპარაკებებზე  როგორიც რუსეთის მხრიდან  ბირთვული იარაღის გამოყენებას აქვს უკანასკნელი ოთხი წელია  უკრაინისა და მისი პარტნიორების დასაშინებლად მაშინ სავარაუდოდ მოალაპარაკებები რეგრესს განიცდის.