ჩვენ ვართ დემოკრატების მიერ შექმნილი კატასტროფული „შათდაუნის“ შუაგულში – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში რესპუბლიკელ სენატორებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, ნიუ იორკის მერის არჩევნებში ზოჰრან მამდანის გაიმარჯვება დიდწილად „შათდაუნის“ ბრალი იყო.
„პრესის წასვლის შემდეგ გვექნებოდა დისკუსია იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენდა გუშინდელი ღამე და რა უნდა გავაკეთოთ ამასთან დაკავშირებით, ასევე „შათდაუნზე“ და იმაზე, თუ როგორ უკავშირდება ეს გუშინდელ ღამეს. ვფიქრობ, თუ წაიკითხავთ გამოკითხვის შედეგებს, მთავრობის დახურვამ მასზე დიდი გავლენა მოახდინა, უარყოფითი რესპუბლიკელებისთვის. ეს დიდი ფაქტორი იყო. არჩევნებზე ჩემი არყოფნა ბიულეტენში ყველაზე დიდი ფაქტორი იყო“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, დონალდ ტრამპმა „შათდაუნს“ დამოკრატების მიერ შექმნილი კატასტროფა უწოდა და აღნიშნა, რომ სენატში „დემოკრატმა რადიკალებმა“ მთავრობის ხელახლა გახსნის მიმართ ნულოვანი ინტერესი გამოავლინეს.
„როგორც იცით, ჩვენ ვართ დემოკრატების მიერ შექმნილი კატასტროფული მთავრობის დახურვის შუაგულში. ეს ოფიციალურად ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი „შათდაუნია“. სენატში დემოკრატმა რადიკალებმა მთავრობის ხელახლა გახსნის მიმართ არანაირი ინტერესი არ გამოთქვეს. თუ დემოკრატები ხელისუფლებაში მოვლენ, ეს ძალიან ცუდი სიტუაცია იქნება. თუ ჩვენ გავაკეთებთ იმას, რასაც მე ვამბობ, დემოკრატები ვერასდროს მოვლენ ხელისუფლებაში, რადგან მე მივიღებ უამრავ კანონპროექტს, რომელიც კარგია ქვეყნისთვის“, – განაცხადა ტრამპმა.