„ზოგადად, კონსტიტუციური წესრიგი უნდა იყოს დაცული. ეს არის ნებისმიერი სამართლებრივი სახელმწიფოს ამოსავალი წერტილი. დემოკრატია ყველამ უნდა აღიაროს. კონსტიტუციური პრინციპები და წყობილება ყველამ უნდა აღიაროს. თუ არის ამ კუთხით პრობლემები, რა თქმა უნდა, კანონმა უნდა დაარეგულიროს. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და დროული ინიციატივა. იმედი მაქვს, პარლამენტი ბოლომდე მიიყვანს ამ კანონპროექტის მიღებას.

რა თქმა უნდა, ზღვარი უნდა იყოს დაცული. ამას სჭირდება სამართლებრივი შეფასება. ჩემი სამართლებრივი შეფასებით, აქ ზღვარი სათანადოდ არის დაცული. ერთია, გამოხატვის თავისუფლება და მეორეა, კონსტიტუციური წესრიგის სიმტკიცე, რაც არის ერთ-ერთი უზენაესი ინტერესი. ბუნებრივია, სახელმწიფო მშვიდად ვერ განვითარდება თუ ის მუდმივად იქნება ასეთ რეჟიმში, საბოტაჟის რეჟიმში. ამიტომ, ყველას უნდა სცეს პატივი იმ წესრიგს, რომელიც ჩამოყალიბებულია. თან ყველა ვხედავთ, რომ ამ კონსტიტუციურ ორგანოებს სინამდვილეში, ყველა აღიარებს, უბრალოდ არის მუდმივი საპირისპირო გზავნილები, რათა სცადონ, ბოლომდე არ დამშვიდდეს ეს ქვეყანა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს საპირისპირო ინტერესი. ჩვენს საზოგადოებას აქვს, უპირველესად, საპირისპირო ინტერესი, რომ დამშვიდდეს ეს ქვეყანა. ყველამ პატივი უნდა სცეს ჩვენს დემოკრატიულ სისტემას, ჩვენს კონსტიტუციურ წესრიგს. ამ პრინციპს ეფუძნება ის კანონპროექტი, რომელიც დაინიცირდა,”-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,ირაკლი კობახიძემ აბუ-დაბიში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. აღნიშნულით იგი გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებას, რომ „პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს პირს, რომელიც არ ცნობს კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას და საჯაროდ მოუწოდებს ანალოგიური ქმედებისკენ“.