„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია პატიმრობიდან გათავისუფლდა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულება 8-თვიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა.

საპატიმროს დატოვების შემდეგ მან მედიასთან სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა.

„შერეული ემოციები მაქვს. რა თქმა უნდა, ყველას ნახვა მიხარია. პირველ რიგში, ჩემი ცოლ-შვილის, მაგრამ უხერხულად ვგრძნობ თავს, რომ არ დაგიმალოთ, რომ ადამიანები იქ კიდევ რჩებიან. არა მხოლოდ ამ ციხეში, აგერ გვერდით ქალთა ციხეში, უამრავი ადამიანია გლდანის ციხეში, რუსთავის ციხეში. უხერხულობა გარდაიქმნება იმად, რომ ძალიან მალე ბოლომდე ვიბრძოლებ, მათი აქედან გამოსაყვანად იმიტომ, რომ ასე ვგრძნობთ თავს ყველა, რაღაცნაირად ნაკლოვანად მორალური თვალსაზრისითაც. მთავარი ის არის, რომ მათი ძალა, შემართება და ენერგია გვაკლია. აქ არის ნიკა, ჩვენი პარტიის თავმჯდომარე, გვერდით ელენე, მიშა, მურთაზი, „ხაბე“, ბევრი, არ მინდა ვინმე გამომრჩეს. მზია ბრმავდება გვერდით, ქალთა ციხეში. საბა აწამეს, ისიც რუსთავშია. უამრავი ბიჭი თუ მხცოვანი ადამიანი ზის ბრძოლისთვის ციხეში საკუთარი სამშობლოს სიყვარულისთვის. ეს ქვეყანა ვერასდროს იქნება ისეთი, ვიდრე აქამდე იყო, მათ დაჭერამდე, ეს გამორიცხული ამბავია. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ხალხის გარეშე გამარჯვება ძალიან გაგვიჭირდება, თუ საერთოდ შესაძლებელია, ამიტომ, ძალიან მალე ისინი უნდა გამოვიყვანოთ აქედან,”- განაცხადა გვარამიამ.

,,კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ  „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებიც, ამ დროისთვის, სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიან, არიან პოლიტიკური პატიმრები. მისი თქმით, პოლიტიკური პატიმრობის მთავარი საზომი არის ის, რომ „ადამიანს არ ღირსებია და ამ ხელისუფლების პირობებში არც ეღირსება თავისუფალი სასამართლო.”

ნიკა გვარამიამ ჟურნალისტების მიერ ოპოზიციის ერთიანობის შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა და განაცხადა, რომ  მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ოპოზიციის მოქმედების პლატფორმა.

„ჩემთვის მნიშვნელოვანია სიტყვების შინაარსი ყველაზე მეტად. მე ვიცი ერთი რამ- ერთად უნდა გვხედავდნენ, ერთად უნდა ვმუშაობდეთ და ერთად უნდა მოვიტანოთ ეს შედეგი იმიტომ, რომ სხვანაირად შეუძლებელია. ამ ყბადაღებულ სიტყვა „ერთობას“ არ გამოვიყენებ, მე არ ვიცი, ამის უკან, ვინ, როგორ, რას მოიაზრებს, ყველა სხვადასხვა რამეს, ერთ პოლიტიკურ სუბიექტს, სალაპარაკო პლატფორმას თუ ასე შემდეგ. ჩემთვის მნიშვნელოვანია მოქმედების პლატფორმა როგორია. მეც მინდა, რომ ჩვეულებრივი ცხოვრებით ვიცხოვრო, თუნდაც სრულიად არაპოლიტიკით, მაგრამ, მას მერე, რაც ეს ქვეყანა იქნება თავისუფალი, ნამდვილად ქართული და ევროკავშირის წევრი იმიტომ, რომ ყველამ ბედნიერად ვიცხოვროთ, მათ შორის „ქოცებმაც.”

ამასთან, მისი თქმით, ვიდრე საქართველოში „პროტესტი არსებობს, ეს ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას ვერ აკონტროლებს“.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიას პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 8 თვით თავისუფლების აღკვეთა 2025 წლის 1-ელ ივლისს შეეფარდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც მან კანონით დადგენილ ვადაში არ გადაიხადა. ვადის ამოწურვის შემდეგ, გირაო პატიმრობით შეეცვალა. ის სასამართლო პროცესს არ დაესწრო და რუსთავის ციხესთან თავად გამოცხადდა.