თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მხარეები შესავალი სიტყვით წარდგებიან. პროცესს თავად ბრალდებულიც ესწრება.
„დახურვის მოტივაცია გახლავთ შემდეგი – მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში მოპოვებულია იმგვარი მტკიცებულებები და მონაწილე პირები გახლავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, ასევე, გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე არის საიდუმლო მასალები, რის გამოც მიზანშეწონილად მიგვაჩნია სასამართლო სხდომის დახურვა. ყველა საქმეზე ინდივიდუალურად ხდება გადაწყვეტილების მიღება, ამ სისხლის სამართლის საქმეზე, ამ მტკიცებულებების და მოცემულობიდან გამომდინარე მიღებულია ასეთი გადაწყვეტილება. სისხლის სამართლის საქმეზე არსებობს ათეულობით ექსპერტიზის დასკვნა, მათ შორის არსებობს ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნაც. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართება მტკიცებულებების შინაარსზე ბრალდების მხარე, ამ შემთხვევაში, ვერ გააკეთებს განმარტებას, თუმცა გიდასტურებთ, რომ საქმეში არსებობს ამგვარი მტკიცებულებები. ძალიან ბევრი პირდაპირი მტკიცებულება გვაქვს მოპოვებული. სისხლის სამართლის საქმეზე 46 ტომამდე საქმის მასალაა წარმოდგენილი სასამართლო პროცესზე, ამდენად, ბრალდების მხარე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებს პირის ბრალეულობას. მასალების შინაარსთან დაკავშირებით ბრალდების მხარე ვერ ისაუბრებს. სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი იქნებიან ის ექსპერტები, რომლებმაც გასცეს შესაბამისი დასკვნები და დაიკითხებიან სასამართლოს წინაშეც.
ანი ნადარეიშვილი გახლავთ მოწმე ამ სისხლის სამართლის საქმეზე. [ ის, რომ მოწმეს შეუძლია მისი ოჯახის წევრის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცეს] ეს მისი გადაწყვეტილება იქნება. ბრალდებულის სტატუსი მას არ აქვს. მოწმის სტატუსი აქვს. მოწმე ვერ იქნება ადვოკატი ამ სისხლის სამართლის საქმეზე,”- ამის შესახებ პროკურორმა თამარ ბეჟუაშვილმა სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.
ბაჩო ახალაიას მეუღლის, ანი ნადარეიშვილის განცხადებით, 4 ოქტომბრის მოვლენებთან ბაჩო ახალაიას კავშირის შესახებ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ დევს.
,, საქმეში დევს თავიანთი ექსპერტიზის დასკვნა, რომ ჩანაწერი არის ყალბი და ძალიან კარგად ვიცით, რომ იმ ჩანაწერის საფუძველზე არ დაუკავებიათ ბაჩო. ადამიანები ამბობდნენ თუ ეს ჩანაწერი არსებობს, მასზე მეტი მტკიცებულება რა უნდა იყოსო, მაგრამ ამ ჩანაწერის შესახებ დასკვნას, რომელიც საქმეში დევს, მიზანმიმართულად არ ასაჯაროებენ. ადვოკატებსაც გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი და ჩვენით ვერ ვასაჯაროებთ ამას, მაგრამ ახლა გავიგე, რომ ჟურნალისტებს მოუპოვებიათ და მაინც გამოქვეყნდება ეს დასკვნა.
მთელი პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ დევს, საერთოდ მოწმეც არ ჰყავთ და ზუსტად აქედან გამომდინარე ხურავენ სასამართლო პროცესებს, რომ საზოგადოებამ არ გაიგოს სიმართლე. პირდაპირ დასკვნა უდევთ, რომ ავთენტური არ არის ჩანაწერი. საქმის მასალებში დევს მთელი 4 ოქტომბრის მასალები, ანუ იმ ადამიანების, ვინც დაკავებულები არიან. ბაჩო ახალაიას ნაწილში საერთოდ არაფერი დევს. სახლიდან წაღებული ნივთების ექსპერტიზა მიმდინარეობს და დაამატეს მხოლოდ ის, რომ რაღაც დისკებში ვერაფერი ნახეს, ფილმების და მუსიკების გარდა. მეტი საერთოდ არაფერი დევს. ამიტომ არის ზუსტად დახურული პროცესები. 2 თვის განმავლობაში არცერთ წერილზე პასუხი არ მიმიღია პროკურატურისგან. ვითხოვდი, რომ ჩემი სტატუსი განესაზღვრათ. ბოლო, როცა ვესაუბრე პროკურორს მითხრა, რომ გამოძიების დამთავრებამდე გეტყვით, მანამდე უსტატუსო ვიყავი, რაც აბსურდია სამართლებრივად. ახლა, ამ წუთას გავიგე, რომ მოწმის სტატუსი მაქვს თურმე. მოწმე ნამდვილად ვერ ვიქნები იმიტომ, რომ კანონით მაქვს უფლება, არ ვიყო მოწმე ჩემი ოჯახის წინააღმდეგ და მე ამით ვისარგებლებ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ადვოკატთა ასოციაცია და ჩემი კოლეგებიც დამიდგებიან გვერდში და ჩვეულებრივად გავაგრძელებ მუშაობას, როგორც ადვოკატი,”- განაცხადა ნადარეიშვილმა.
ადვოკატის თქმით, ბაჩო ახალაიას საქმეში არ არსებობს მოწმე, რომელიც მას ხელს ადებს.
„სასამართლო სხდომის დახურვის შუამდგომლობას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ეს პოზიცია გასაგებია იქიდან გამომდინარე, რომ არ უნდათ საზოგადოებამ დაინახოს, რომ საქმეში მტკიცებულება არ არის და უნდათ, ჩუმად ჩაატარონ სასამართლო. სხდომის დახურვის არანაირი მიზეზი არ არსებობს, ანალოგიური საქმე სხვა პროცესზე ღიად მიმდინარეობს.
საერთოდ არაფერი მტკიცებულება არ არის, ზუსტად ეს არის სასაცილო ნაწილი. უბრალოდ IP მისამართი აქვთ ამოღებული და მეტი არაფერი და ის გავრცელებული, დამონტაჟებული ვიდეო ჩანაწერი. ოფიციალურად დასკვნა არის გაცემული საქმეში, რომ თავად მათ მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნით არაფერი დასტურდება [ვიდეო ჩანაწერთან მიმართებით]. შესაბამისად, ის, რომ ყალბი და დამონტაჟებული იყო, საზოგადოებამ ისედაც იცოდა, უბრალოდ ეს თავადაც დაადგინეს და მეტი არაფერი. ფიზიკურად არ შემდგარა ასეთი ზარი და როგორ შეიძლება, რომ ამ ვიდეოს ავთენტურობაზე ვისაუბროთ. საქმეში ფიზიკურად ვერაფერი ჩადეს. დამატებულია მხოლოდ გარკვეული საპროცესო მოქმედებები, რომელიც მტკიცებულება არ არის. ბაჩო ახალაიას ბრალში ედავებიან თვითონ იმ პირებთან საუბარს, რომელიც ვითომ ორგანიზატორებად დაიჭირეს. ანუ ასეთი ფიქრი აქვთ, თან ხომ ესაუბრა, ამასაც ვერ ადასტურებენ და რომ ესაუბრაო, თან მითითებები მისცაო. ბრალში სწორედ ასეა. საქმეში კი გადმოცემული არ არის, რა შინაარსზე შეიძლება საუბარი ყოფილიყო, თავი დავანებოთ იმას, რომ კავშირი არ დგინდება,”- განაცხადა მალახაზ ველიჯანაშვილმა.
ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.