,,საქართველოს სახელმწიფოს უზენაესი კანონის – ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის პრეამბულაშივე აღნიშნულია, რომ ჩვენ უნდა განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება და სოციალური, სამართლებრივი სახელმწიფო. ეს არის ფიცი, რომელიც ჩვენმა ხალხმა საკუთარი თავისა და მომავალი თაობების წინაშე დადო და, ბუნებრივია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები სწორედ აღნიშნული პასუხისმგებლობით არიან განმსჭვალული,”-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ისტორიამ აჩვენა, რომ სამშობლოსთვის, რწმენისა და სიმართლისთვის ბრძოლა უალტერნატივოა.

 ამასთანავე, მისივე თქმით, საქართველოს გრძელვადიანი განვითარებისთვის აუცილებელია, რომ მომავალი თაობებისთვის ამოსავალი წერტილი იყოს საკუთარი სამშობლოს სიყვარული.

,,დღეს მთელი საერთაშორისო საზოგადოება ხედავს, რომ 2025 წელი მსოფლიოსთვის წყალგამყოფი გახდა. უკვე აშკარად იკვეთება, რომ საერთაშორისო წესრიგი ფუნდამენტურად იცვლება და ქვეყნები საკუთარი ეროვნული ინტერესების გასატარებლად და სტრატეგიული მიზნების მისაღწევად, დიპლომატიური მიდგომების პარალელურად, უფრო და უფრო ინტენსიურად იყენებენ ხისტ ძალას,”-აღნიშნა ყაველაშვილმა.

ყაველაშვილის თქმით, გასულმა წელმა ფაქტებით დაადასტურა, რომ საფრთხეები და გამოწვევები, რომლებზეც ხელისუფლება ბოლო წლებში საუბრობდა რეალური იყო. მისი განცხადებით, ფაქტმა, რომ საქართველომ ზეწოლას გაუძლო, საგრძნობლად გააძლიერა როგორც სახელმწიფო, ისე საზოგადოება.

,,მსოფლიოში არსებული არაპროგნოზირებადი მდგომარეობის გათვალისწინებით, როდესაც თითოეული აქტორი, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი სტრატეგიული ინტერესებით ხელმძღვანელობს, მნიშვნელოვანია ბოლომდე დავიცვათ და მოვუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს,”- თქვა ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს პრაგმატული და მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკის არსი მშვიდობისა და დამოუკიდებლობის დაცვაა.

,,საერთაშორისო ასპარეზზე არსებული გამოწვევებისა და ქვეყნის გარედან მომავალი ზეწოლის ფონზე, რასაკვირველია, 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გამორჩეული მნიშვნელობა ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები უმაღლეს დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით ჩატარდა, ჩვენი საზოგადოებისთვის აშკარა იყო, რომ რადიკალურ ოპოზიციას სულ სხვა გეგმა ჰქონდა.”

პრეზიდენტის თქმით, 4 ოქტომბრის საღამოს განვითარებულმა მოვლენებმა, რომელიც ღიად იყო წაქეზებული და მხარდაჭერილი გარე ძალების მიერ, სააშკარაოზე გამოიტანა რადიკალური ჯგუფების ჩანაფიქრი, ძალადობრივი გზით ხელში ჩაეგდოთ სახელმწიფო ინსტიტუტები და მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალება.

მან აღნიშნა, რომ ძალადობრივი რევოლუციის მცდელობის აღკვეთაში, ქართველ ხალხთან ერთად, განსაკუთრებული როლი სამართალდამცველებს მიუძღვით და მადლობა გადაუხადა მათ სამშობლოს სიყვარულისა და თავდადებისთვის.

,,ჩვენ ვალდებული ვართ, შევქმნათ ყველანაირი პირობა, რათა ჩვენს მოქალაქეებს დაბალანსებულ, ობიექტურ ინფორმაციასა და სხვადასხვა შეხედულების მქონე პოლიტიკური ძალების დისკუსიაზე ჰქონდეთ წვდომა, რადგან ეს ყველაფერი ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების აუცილებელი წინაპირობაა,”- განაცხადა ყაველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველოში პოლიტიკური პროცესი საბოლოოდ რომ მოექცეს სტაბილურ კალაპოტში და ქვეყნის თანმიმდევრულ განვითარებას საფრთხე აღარასდროს შეექმნას, აუცილებელია, პოლიტიკური ველის გაჯანსაღება.

ამასთან, მისივე თქმით, მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ წვდომა დაბალანსებულ, ობიექტურ ინფორმაციასა და სხვადასხვა შეხედულების მქონე პოლიტიკური ძალების დისკუსიაზე.