რუსული მედიის ცნობით, ჟენევაში უკრაინის, აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები დასრულდა.
„მოლაპარაკებები ორი დღის განმავლობაში გაგრძელდა. გუშინ სხვადასხვა ფორმატში ძალიან დიდხანს გაგრძელდა, დღეს კი დაახლოებით ორი საათი. ისინი რთული, მაგრამ საქმიანი იყო“, – ამის შესახებ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, მხარეებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი უახლოეს მომავალში გაიმართება.
უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა ჟენევაში მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში პროგრესია. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მოლაპარაკებების მესამე რაუნდი „ინტენსიური და შინაარსიანი“ იყო და რამდენიმე საკითხის დაზუსტება მოხდა.
„პროგრესი არის, მაგრამ ამ ეტაპზე დეტალების გასაჯაროება შეუძლებელია“, – განაცხადა უმეროვმა.