ვითარება ახლო აღმოსავლეთში:
- ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ირანში დარტყმების კიდევ ერთი ტალღა დაიწყეს. თავდაცვის ძალების განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათი სამიზნე მთელი ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურაა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თეირანში აფეთქებების ხმა ისმოდა, რაც დედაქალაქის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებით იყო გამოწვეული. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ ობიექტებიდან საწვავს ირანის სამხედრო სტრუქტურებს აწვდიდნენ.
- ირანმა კი ისრაელის მიმართულებით სარაკეტო შეტევა განახორციელა. ,,ირანიდან ბალისტიკური რაკეტებით განხორციელებული თავდასხმების შედეგად არავინ დაშავებულა,” – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
- აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, არ სურს, რომ ქურთები ომში ჩაერთონ. „არ ველოდებით ქურთების შესვლას. არ გვინდა ომი იმაზე უფრო რთული გახდეს, ვიდრე ის უკვე არის. არ მინდა, რომ ქურთები დაშავდნენ და დაიღუპონ. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს. ისინი მზად არიან შევიდნენ. მაგრამ სინამდვილეში, მე ვუთხარი მათ, რომ არ მინდა, რომ შევიდნენ“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანის მომავალი პრეზიდენტის შერჩევაში მონაწილეობა სურს. როგორც ტრამპმა განმარტა, არ სურს, რომ ყოველ 10 წელიწადში იქ დაბრუნდეს. „ჩვენ არ გვინდა, ხუთ ან ათ წელიწადში ერთხელ დაბრუნება და ამის გაკეთება. ჩვენ გვინდა, ავირჩიოთ პრეზიდენტი, რომელიც თავის ქვეყანას ომში არ წაიყვანს“, – განაცხადა ტრამპმა Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებთან საუბრისას. მანამდე დონალდ ტრამპმა „აქსიოსს“ განუცხადა, რომ ირანის შემდეგი უზენაესი ლიდერის დანიშვნაში „ჩართული უნდა იყოს“.
- ,,სიმართლის მომენტი ახლოვდება, ჩვენ ვცდილობთ ირანის გათავისუფლებას, საბოლოო ჯამში, ეს თქვენზეა დამოკიდებული, “ – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანელი ხალხისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა. როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, ირანის წინააღმდეგ ომი გაგრძელდება კომპრომისების გარეშე და მისი მიზანია ირანის რეჟიმის დესტაბილიზაცია. ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელს მომდევნო ეტაპისთვის „კარგად ორგანიზებული გეგმა და ბევრი სიურპრიზი“ აქვს, რაც, მისი განცხადებით, ხელს შეუწყობს ირანში ცვლილებების შესაძლებლობას. ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ საბოლოოდ ირანის მომავალი თავად ირანელებზეა დამოკიდებული. ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ირანში ცვლილებების შემთხვევაში შესაძლებელია ისრაელსა და ირანს შორის მშვიდობის დამყარება და რეგიონში მშვიდობის გაფართოება. ნეთანიაჰუმ ასევე გაიხსენა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრა და აღნიშნა, რომ ტრამპმა უთხრა: „ბიბი, ჩვენ ირანი ნებისმიერ ფასად უნდა შევაჩეროთ“. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ტრამპს „ისტორიული ლიდერობისთვის“ და განაცხადა, რომ აშშ-ისა და ისრაელის პარტნიორობა „დღეს უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე“. ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გაერო უსაფუძვლოდ აკრიტიკებდა ისრაელს მაშინ, როცა ის ებრძოდა „ჰამასს“, ხოლო ირანში ხელისუფლების მიერ მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობაზე „დუმდა“. ამასთან, ნეთანიაჰუმ ლიბანის ხელისუფლებას მოუწოდა, უზრუნველყოს 2024 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება და განაიარაღოს „ჰეზბოლა“ და აღნიშნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მძიმე შედეგები ელოდებათ. ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანა „გააკეთებს ყველაფერს, რაც აუცილებელია საკუთარი ქალაქებისა და მოქალაქეების დასაცავად“.
- ,,ჩვენ აზერბაიჯანთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს, თუმცა თუ ამ ქვეყნის მხრიდან ირანის წინააღმდეგ რაიმე შეთქმულება განხორციელდება, ჩვენ შესაბამის პასუხს გავცემთ,” – ამის შესახებ ირანის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი ალი ლარიჯანი აცხადებს. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. ამასთან, როგორც „სიენენი“ წერს, ალი ლარიჯანიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ომი ირანის წინააღმდეგ მისი „არასწორი გათვლების“ შედეგია, რადგან ტრამპს ეგონა, რომ ვენესუელის მოდელის ირანში გამეორება შეეძლო, მაგრამ ახლა სტრატეგიულ ჩიხშია. ლარიჯანის თქმით, ტრამპმა ირანზე თავდასხმებით ვერ მიაღწია თავის მიზნებს. როგორც ირანის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, ირანის ხელმძღვანელობის და ათასზე მეტი ირანელი ადამიანის მკვლელობა უპასუხოდ არ დარჩება. მისივე თქმით, ირანი უკან არ დაიხევს, ვიდრე „შურისძიება არ მოხდება და აგრესორი არ დაისჯება“. „ჩვენ ტრამპს არ გავუშვებთ, მან უნდა გადაიხადოს ფასი“, – განაცხადა ლარიჯანიმ.