საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში 22 მარტის ჩათვლით ყოველდღიურად, 12:00 საათზე სამგლოვიარო ზარები დაირეკება.

მოქალაქეებს, რომელთაც სურთ პატრიარქისთვის უკანასკნელი პატივის მიგება, შეუძლიათ ეწვიონ სამების საკათედრო ტაძარს, რომლის კარი 24 საათის განმავლობაში ღიაა. სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება და ტაძართან მოქალაქეთა ნაკადი არ წყდება.

სამების საკათედრო ტაძარში პატივი უკვე მიაგეს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი პირები.

დაკრძალვისთვის მზადება მიმდინარეობს სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც უკვე დაწყებულია საფლავის გაჭრა. პატრიარქის განსასვენებელი ადგილი შეირჩა ტაძრის მარცხენა მხარეს, საკურთხეველთან.

ილია II-ს 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.

რაც შეეხება დაკრძალვის დღეს, კვირის მსახურება დაიწყება 09:00 საათზე. მეუფე შიო, მღვდელმთავრებთან ერთად, აღავლენს წირვას. მსოფლიო პატრიარქის თვითმფრინავი დაახლოებით 11:00 საათზე დაეშვება თბილისის აეროპორტში, ხოლო 12:00 საათისთვის სამებაში ელოდებიან. როგორც არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა აღნიშნა, მსოფლიო პატრიარქი წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას.

მისივე განცხადებით, 22 მარტს სამების საპატრიარქო ტაძარში შესვლა საშვებით იქნება დაშვებული.